ფეხბურთი

1:43 | 12.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "გერმანიაში პირველი დღე ემოციური იყო, ახლა ვაცნობიერებთ სად ვართ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ახლა აცნობიერებენ, თუ სად არიან და გერმანიაში ჩასვლის პირველი დღე ძალიან ემოციური იყო.

"გერმანიაში ჩამოსვლის დღე ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. ახლა ვაცნობიერებთ სად ვართ, მაგრამ ამავდროულად მეტად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. დაიწყო მზადების ახალი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც საბოლოოდ მოვემზადებით თამაშებისთვის.

მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გამოჩნდა ხარვეზები, რაზეც ვიმუშავებთ, გავაუმჯობესებთ და 100 პროცენტით მზად ვიქნებით თურქეთთან შეხვედრისთვის. გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მონტენეგროშიც იყვნენ და მათი მუხტი იგრძნობოდა, რაც ძალიან სასიამოვნოა ფეხბურთელისთვის.

მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. ერთი ოჯახი ვართ და გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც ამას შენს მეგობრებთან ერთად აკეთებ“, - თქვა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.

0.141865