პოლონეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის წინ ტრავმების ეპიდემიაა. თურქეთთან ამხანაგურ შეხვედრაში პოლონელებს ორი მთავარი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი და კაროლ სვიდერსკი დაუშავდათ.
სვიდერსკიმ დაზიანება კომიკურ სიტუაციაში მიიღო: მან გოლი გაიტანა და ემოციურად აღნიშნა, რის შედეგადაც ფეხი იტკინა და შეცვალეს. ეს მატჩის სტარტზევე მოხდა. 31-ე წუთზე ლევანდოვსკიმაც შეცვლა მოითხოვა, არც ამ შემთხვევაშია დაზიანების ხარისხი ცნობილი, თუმცა რობერტმა მოედანი თავისი ფეხით დატოვა.
აქვე გეტყვით, რომ ოთხი დღის წინ უკრაინასთან სპარინგში პოლონელთა კიდევ ერთი გამორჩეული თავდამსხმელი არეკ მილიკი დაშავდა, რომლის ტრავმა სერიოზული გამოდგა, ოპერაცია გაუკეთეს და ევროპის ჩემპიონატზე ის ნამდვილად ვერ ითამაშებს.
პოლონეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდების, ავსტრიის და საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.