რაგბი

22:50 | 9.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცა | მეოთხე ადგილი მაკარსკაში

საქართველოს 7-კაცამ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი ხორვატიაში, მაკარსკაში, მე-4 პოზიციაზე დაასრულა და 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიაზე გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს.

საქართველომ ტურნირი გერმანიასთან მატჩით გახსნა, მეტოქის 4 ლელოს ერთი ლელოთი უპასუხა და შეხვედრა 5:22 დათმო. მეორე თამაში დებიუტანტთან, მასპინძელ ხორვატიასთან ქონდა და მოულოდნელად სამი ლელო გაუშვა, თუმცა თავად 5 გაიტანა და 29:17 გაიმარჯვა.

მეორე დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ირლანდიას შევხვდით. თასის მეოთხედფინალში გარანტირებულად გასასვლელად მოგება გვჭირდებოდა და პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში მეტოქემ იმძლავრა და 17:10 გაიმარჯვა. ბრძოლამ შედეგი გამოიღო. გ ჯგუფში მესამე ადგილზე გასული ესპანეთის (34:46) მსგავსად, საქართველოს (44:56)გატანილ-გაშვებულ ქულათა სხვაობა -12 დაუგროვდა, თუმცა ჩვენ მათზე მეტი ლელო გავიტანეთ და მეოთხედფინალში გავედით.

იქ რეიტინგის ლიდერ ბელგიას შევხვდით, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში მოიგო (დიდი ბრიტანეთთან, ესპანეთთან და ლიეტუვასთან). სიტუაციას ისიც ამძიმებდა, რომ ტრავმების გამო სამი მოთამაშე გამოგვაკლდა და არასრული შეცვლები გვყავდა. თავიდან ბურთს მეტოქე აკონტროლებდა და გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, ტაიმის მიწურულს კი საბა არჩვაძემ, ლევან ნარიმანიძემ და თემურ კოხოძემ ბურთი კარგად გაითამაშეს, შეტევა კვლავ არჩვაძემ გააგრძელა, სისწრაფეში სამ მცველს გვერდი აუარა და ლელო ძელებსშუა გაიტანა – 7:7.

მეორე ტაიმში ფიზიკურად ძალიან გაგვიჭირდა, განსაკუთრებით დასკვნით წუთებში, როდესაც მოედანზე კაცნაკლულები დავრჩით, მაგრამ ბიჭებმა თავის დაცვა მოახერხეს და თამაში დამატებით დროში გაგრძელდა. მე-3 დამატებულ წუთზე ბურთს არჩვაძე დაეუფლა, მარჯვენა ფრთაზე მცველს შემოურბინა და ალამთან გატანილი ლელოთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა – 12:7.

დასკვნით დღეს, თასის ნახევარფინალში საფრანგეთს შევხვდით, ოთხის წილ მხოლოდ ერთი ლელო გავიტანეთ და მეტოქემ 26:7 გაიმარჯვა, რის შემდეგაც მე-3 ადგილისთვის ჯგუფური ეტაპიდან ნაცნობ გერმანიას შევხვდით, კვლავ ერთი ლელო გავიტანეთ, რაც გამარჯვებისთვს საკმარისი არ აღმოჩნდა და მაკარსკას ეტაპი მეოთხე ადგილზე დავასრულეთ – 7:31.

ფინალში ირლანდია და საფრანგეთი გავიდნენ, რომლებიც მსოფლიო სერიაში მონაწილეობენ და ჩელენჯერში მოსახვედრად ჩვენი კონკურენტები არ არიან (ასევე დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი).

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი 28-30 ივნისს გერმანიაში, ჰამბურგში გაიმართება და ორი ეტაპის ჯამში სამი საუკეთესო გუნდი (ზემოთ ნახსენები ოთხეულის გარდა), მსოფლიო სერიის ჩელენჯერის საგზურს მიიღებს.

7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის პირველ ეტაპზე (მაკარსკა, ხორვატია)

გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, საბა არჩვაძე, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა, ამირან შვანგირაძე, იოსებ მათიაშვილი, თემურ კოხოძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

ფიზ. მომზადება: გიორგი მაისურაძე

ექიმი: გიორგი გვაზავა

ფიზიო: დავით კობახიძე

ვიდეო ანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

RUGBY.GE

0.118422