საქართველოს 7-ქალა 11 ივნისს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიემგზავრება, სადაც 14-16 ივნისს 2024 წლის რაგბი ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე ითამაშებს.
„ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ჩვენმა საქმიანობამ შედეგი გამოიღოს. დიდი იმედი მაქვს წელს ალაფას მოვიგებთ და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე აღვზევდებით. უკვე საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა, კარგად ვართ მომზადებული, მოთამაშეთა ხარისხი გაუმჯობესებულია და ეს აუცილებლად მოგვიტანს შედეგს“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე.
იმისათვის, რომ ჩვენმა 7-ქალამ ევროპის 12-გუნდა ელიტის საგზური მოიპოვოს, ორი ეტაპის ჯამში პირველ-მეორე ადგილზე უნდა გავიდეს. შეგახსენებთ, შარშან გოგონებმა პირველ ეტაპზე მეოთხე, ხოლო მეორე ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავეს და ჯამში ფინეთთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილები გაინაწილეს.
მოსამზადებელ ეტაპზე ჩვენი 7-ქალა მაისში საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართა და ტურის ტურნირში ითამაშა:
„ტურში ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზის მოსამზადებელი ტურნირი გაგვიუქმდა, ჩვენმა მენეჯერმა ია ხუცილავამ კარგად იმუშავა და ადგილობრივ გუნდთან 3 ტესტ-მატჩი გვქონდა. ასევე ამხანაგური მატჩი გავმართეთ უკრაინასთან, რის შემდეგაც ტურის ტურნირში ჩავერთეთ. იქ 15 კანდიდატი გვყავდა ყველას მივეცით თანაბარი სათამაშო დრო, რათა მიეღოთ გამოცდილება და ეჩვენებინათ რა შეუძლიათ. დავინახეთ ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაზე ვიმუშავეთ და ასევე ის ძლიერი მხარეები, რაზეც აქცენტს გავაკეთებთ“ – აღნიშნავს მალაღურაძე.
რაგბი ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე საქართველო გ ჯგუფში ფინეთის, ისრაელის და ნორვეგიის წინააღმდეგ ითამაშებს. ა ჯგუფში შვედეთი, ლატვია, ავსტრია და ანდორა მოხვდნენ, ბ ჯგუფში კი რუმინეთი, უნგრეთი, დანია და შვეიცარია გაერთიანდნენ.
„ჩვენი მთავარი კონკურენტები ჩემპიონატიდან დაქვეითებული შვედეთი და რუმინეთი იქნებიან. რუმინეთი დაახლოებით ჩვენი დონის გუნდია, შვედებს კი ფიზიკურად დიდი გოგოები ყავს. ძლიერი გუნდია, თუმცა მიმაჩნია, რომ ბურთის სწრაფად მოძრაობის და სწრაფად გადაადგილების ხარჯზე მათი დამარცხება შეგვიძლია“.
„ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი მეტოქე ფინეთია, რომელსაც ბოლო წლებში ხშირად ვეთამაშებით. მათთან შარშან გამარჯვება მოვახერხეთ და ეტაპზე ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ. ჩემი დაკვირვებით, როდესაც გუნდს ვუგებთ, მერე მათთან თამაში გვიადვილდება და ახლაც ამის იმედი მაქვს. შედარებით სუსტები არიან ისრაელი და ნორვეგია. ჩვენ გვყავს გგამოცდილი მოთამაშეები, რომლებსაც თამაშის მართვა კარგად შეუძლიათ და ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა ესეც იქნება“ – ამბობს მალაღურაძე.
ალაფის მეორე ეტაპს 12-14 ივლისს უნგრეთი, ბუდაპეშტი უმასპინძლებს. ვინ იქნებიან იქ საქართველოს მეტოქეები ზაგრების ეტაპზე დაკავებული ადგილის მიხედვით გაირკვევა.
ზაგრების ეტაპზე ითამაშებენ
სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელიშვილი, ანი კაპანაძე, თეონა ჩიტაიშვილი, თამარ მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა ხაბულიანი, ანა პოღოსიანი, ანა რურუა.
მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე
მწვრთნელი: გიორგი შკინინი
ექიმი: ოთარ თაბაგარი
ფიზიო: გიორგი მურადაშვილი
მენეჯერი: ია ხურცილავა
RUGBY.GE