ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომელიც 30 ივნისს იწურებოდა. ინფორმაცია ავსტრიულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ქართველმა ფეხბურთელმა გრაცელებთან კონტრაქტი ორი წლით, 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
„გასული სეზონი დუბლით დავაგვირგვინეთ. ყველამ იცის, რამდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს კლუბში და რამდენად ვაფასებ გარემოს, ამიტომაც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატამდე გავაფორმე“, - თქვა კიტეიშვილმა.
„ოთარ კიტეიშვილი ჩვენი გუნდის აბსოლუტური ლიდერია. განსხვავებული მოთამაშე, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ნახევარდაცვაში. ყოველთვის ხაზს ვუსვამდით, ბოლო თვეებში, რომ მას მივეცით დრო, რომ სამომავლო ვარიანტზე ეფიქრა. ახლა ჩვენ უფრო ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ გამოსავალი. მოხარული ვართ, რომ კიტემ ახალი კონტრაქტი გააფორმა, დარწმუნებული ვარ, მას კიდევ ბევრი რამის მიცემა შეუძლია „შტურმისთვის“, - აღნიშნა „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. ყველა ტურნირზე კი, 40 შეხვედრაში თავი 11 გოლით და 9 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ქართველმა ფეხბურთელმა „შტურმში“ 2018 წლიდან დღემდე 185 მატჩში 40 გოლი გაიტანა და ერთხელ ჩემპიონის ტიტულის, ორჯერ კი, ავსტრიის თასის მოგება შეძლო.
აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონობით "შტურმმა" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. ასე რომ, კიტე ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.