„მეცში“, რომლის ღირსებას გიორგი მიქაუტაძე იცავს, საკადრო ცვლილებებია: კლუბს ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს ფრედერიკ არპინონის სახით. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მან პიერ დრეოსი შეცვალა, რომელმაც ორი დღის წინ გუნდი დატოვა და მუშაობას „ლანსში“ გააგრძელებს.
გარდა ამისა, დიდი ალბათობით, „მეცს“ ახალი მწვრთნელიც ეყოლება. ლაშლო ბოლონი სამსახურს დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. ფეხბურთელების ნაწილი რუმინელით უკმაყოფილოა და მასთან მუშაობა არ სურთ.
ფრანგული მედიის ცნობით, სენეგალელი სპეციალისტი ჰაბიბ ბეიე ძალიან ახლოსაა „მეცის“ მწვრთნელობასთან. ბეიეს „მეცთან“ შეთანხმებაც ჰქონია ლიგა 1-ში დარჩენის შემთხვევაში, მაგრამ კლუბი მის დარწმუნებას ახლაც ეცდება, როცა ლიგა 2-ში თამაში მოუწევთ. თუმცა, სათადარიგო ვარიანტებიც აქვთ რეჟის ბროუას და სტეფან დუმონის სახით.
ჰაბიბ ბეიე ბოლო სამი სეზონი პარიზის „რედ სტარის“ თავკაცი იყო. მას საკმაოდ კარგი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რადგან „სტრასბურში“, „მარსელში“, „ნიუკასლში“, „ასტონ ვილასა“ და „დონკასტერში“ ითამაშა, ხოლო 2001-2008 წლებში სენეგალის ნაკრებში 45 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „მეცმა“ გამოისყიდა, მაგრამ დიდი ალბათობით, ის ზაფხულში კლუბს შეიცვლის.