„ალ-ჰილალის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა „სანტოსში“ დაბრუნება ამ ეტაპზე გამორიცხა. როგორც მან თქვა, ბრაზილიურ კლუბთან მოლაპარაკებები არ ჰქონია და მომდევნო სეზონს საუდის არაბეთში გაატარებს.
„არა, „სანტოსთან“ მოლაპარაკებები არ მქონია, რაც თქვეს, აბსოლუტური ტყუილია. „ალ-ჰილალთან“ კიდევ ერთი წელი მაქვს კონტრაქტი და იმედი მაქვს, რომ კარგი სეზონი მექნება, რადგან პირველი სეზონი გამოვტოვე. „სანტოსი“ რჩება ჩემს საყვარელ გუნდად და ერთ დღეს სიამოვნებით დავბრუნდებოდი, მაგრამ ახლა ასეთი გეგმა არ მაქვს“, - აღნიშნა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა 2023-2024 წლების სეზონში ტრავმის გამო პრაქტიკულად ვერ ითამაშა. მან „ალ-ჰილალის“ მაისურით მხოლოდ ხუთჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.