ფეხბურთი

13:12 | 3.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრებს ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატზე ორი მცველი გამოაკლდა

ბერგამოს „ატალანტას“ მცველი ჯორჯო სკალვინი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. 20 წლის ფეხბურთელმა სეზონის ბოლო საკლუბო მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ლუჩანო სპალეტის განაცხადში ჰყავდა შეყვანილი, ევროპირველობა გაუცდება.

სკალვინიმ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და 2025 წლამდე მოედანზე ვერ გავა. მას იტალიის ნაკრებში 8-ჯერ აქვს ნათამაშები. აღსანიშნავია, რომ ის უმოტივაციო მატჩში, „ფიორენტინას“ წინააღმდეგ 84-ე წუთზე დაშავდა, ამავე შეხვედრაში მანამდე გოლის გატანაც მოახერხა.

იტალიის ნაკრებს სკალვინიმდე მილანის „ინტერის“ მცველი ფრანჩესკო აჩერბიც გამოაკლდა ტრავმის გამო. ასე რომ, „სკუადრა აძურას“ ორი მნიშვნელოვანი ცენტრალური მცველი ვერ დაეხმარება ევრო 2024-ზე.

სკალვინის და აჩერბის ნაცვლად სპალეტი ევროპის ჩემპიონატზე „იუვენტუსის“ მცველს, ფედერიკო გატის წაიყვანს, რომელიც ნაკრებში გამოიძახეს და დღეს კოვერჩანოს ბაზაზე იქნება.

შეგახსენებთ, იტალია ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ მძიმე ჯგუფშია, სადაც ალბანეთის, ესპანეთის და ხორვატიის ნაკრებებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111752