საფრანგეთის ლიგა 1-ში დასარჩენი პლეი-ოფის პირველი მატჩი „მეცმა“ წააგო და სიტუაცია კიდევ უფრო გაურთულდა.
ლაშლო ბოლონის გუნდი ლიგა 2-ის მესამეადგილოსან „სენტ ეტიენს“ სტუმრად შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
მასპინძლები მე-18 წუთზე იბრაჰიმ სისოკომ დააწინაურა, რასაც ტაიმის ბოლო წუთზე ისმაელ ტრაორემ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. „მეცი“ ახლოს იყო მისაღებ შედეგთან, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მეკარის შეცდომით ირვინ კარდონამ ისარგებლა და „სენტ ეტიენს“ პირველი დუელი მოაგებინა.
გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო, თუმცა ამჯერად საგოლე კომბინაციაში არ მონაწილეობდა. მას პირველ ტაიმში შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.
საპასუხო მატჩი „მეცის“ სტადიონზე 2 ივნისს გაიმართება და ყველაფერი იმ შეხვედრაში გაირკვევა.