ფეხბურთი

1:53 | 30.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგა პირეოსის "ოლიმპიაკოსმა" მოიგო
"ფიორენტინამ" ამ ტურნირზე ფინალი ზედიზედ მეორედ წააგო

კონფერენს ლიგა პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ მოიგო, რომელმაც ფინალში ფლორენციის „ფიორენტინა“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ფინალი ათენში გაიმართა, შესაბამისად, ტრიბუნებზე ბერძენთა უპირატესობა აშკარა იყო. თუმცა, „ფიორენტინამ“ თამაში უკეთ დაიწყო და პირველ ტაიმში შეეძლო წინ გასვლა. ზოგადად, ვინჩენცო იტალიანოს გუნდი მეტოქეზე კარგად თამაშობდა, მაგრამ განსაკუთრებით დიდი უპირატესობა არ ჰქონია.

ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და ყველაფერი დამატებით დროში გადაწყდა. 116-ე წუთზე აიუბ ელ კააბიმ გაიტანა და „ოლიმპიაკოსს“ ისტორიული გამარჯვება მოუტანა. მაროკოელმა კონფერენს ლიგის პლეი-ოფში 11 გოლი გაიტანა, რაც ფანტასტიკური შედეგია.

„ფიორენტინამ“ ზედიზედ მეორედ წააგო კონფერენს ლიგის ფინალი, ისევ დრამატულად, შარშან „ვესტ ჰემთან“ ბოლო წუთზე გაუშვა გოლი. საერთოდ, ბოლო ორ სეზონში ფლორენციელებისთვის ეს მესამე ფინალი იყო და სამჯერვე მარცხი განიცადა (ერთხელ იტალიის თასზე, ორჯერ კონფერენს ლიგაზე).

„ფიორენტინა“ მომდევნო სეზონშიც ამ ტურნირზე ითამაშებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ფლორენციელთა წაგებით სერია A-ს მეცხრეადგილოსანს კონფერენს ლიგაზე გზა არ გაეხსნა, ამრიგად, „ტორინო“ ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს.

პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ კი ისტორიაში პირველად მოიგო ევროტურნირი, უფრო მეტიც, პირველი ბერძნული გუნდი გახდა, რომელმაც ეს გააკეთა.

„ოლიმპიაკოსი“ – „ფიორენტინა“ 1:0 დ.დ (0:0)

ათენი, „აეკ არენა“

„ოლიმპიაკოსი“ (4-2-3-1): ცოლაკისი; როდინეი, რეცოსი, კარმო, ორტეგა; ჰეზე, იბორა; პოდენსე (მასურასი 106), ჩიკინიო (ჰორტა 78), ფორტუნისი (იოვეტიჩი 73); ელ კააბი (ელ არაბი 120)

მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

„ფიორენტინა“ (4-2-3-1): ტერაჩანო; დოდო, მილენკოვიჩი, მარტინეს კუარტა, ბირაგი (რანიერი 106); არტური (დანკანი 74), მანდრაგორა; გონსალესი (ბელტრანი 106), ბონავენტურა (ბარაკი 82), კუამე (იკონე 82); ბელოტი (ნზოლა 59)

მწვრთნელი: ვინჩენცო იტალიანო

გოლი: 1:0 ელ კააბი (116)

გაფრთხილება: პოდენსე (28), ელ კააბი (117) - მარტინეს კუარტა (42), კუამე (79), ბირაგი (99)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 17 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: არტურ სოარეშ დიასი (პორტუგალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112875