რაგბი

20:30 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით

ქართველ რეფერის საბა აბულაშვილს ცხელი ზაფხული ელის. 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით, ის პირველად იმსაჯებს სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში, მანამდე კი ოკეანის გაღმა გაემგზავრება და აშშ-ში MLR-ის სამ თამაშს განსჯის.

„შარშან კენიაში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფაზე ვიყავი მიწვეული და ფინალიც ვიმსაჯე, რომელიც ესპანეთმა მოიგო და პირველად აღზევდა ჩემპიონატში. წელს 20-წლამდელთა ექვს ერზე დამიძახეს, როგორც მთავარი, ასევე გვერდითი მსაჯის რანგში. ახლა კი მაქვს პატივი 20-წლამდელთა ჩემპიონატზე წარვდგე, რაც ერთგვარი ტრამპლინია დიდი რაგბისკენ“ – ამბობს საბა აბულაშვილი და განაგრძობს:

„როგორც მოთამაშეები იღებენ უდიდეს გამოცდილებას ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობით, ასევე მსაჯები ვვითარდებით და სრული დატვირთვით ვემზადები, რათა არა მხოლოდ გუნდმა, არამედ მეც, ჩემი პროფესიით, საუკეთესოდ წარმოვაჩინო ჩვენი ქვეყანა. 20-წლამდელთა ჩემპიონატი მაღალი დონის ტურნირია, რომელშიც მრავლად არიან ისეთი მორაგბეები, რომლებიც უკვე თამაშობენ დიდ გუნდებში და სწორედ მოთამაშეთა მაღალი ხარისხი განაპირობებს ჩემპიონატის ხარისხს“.

აფრიკამდე ამერიკაში

საბა აბულაშვილი ახალი გამოწვევისთვის უკვე ემზადება და ყოველდღიურ რეჟიმში ვარჯიშობს ფიზ. მომზადების მწვრთნელის, ოლეგ კასოევის მეთვალყურეობით, ივნისის დასაწყისში კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, სადაც MLR-ის ჩემპიონატის სამ თამაშს განსჯის.

„MLR-ში მსაჯთა ხელმძღვანელად ირლანდიელი დევიდ ვილკინსონი დაინიშნა, რომელიც სხვათა შორის საქართველოშიცაა ნამყოფი და ჩვენი ჩემპიონატის ფინალი იმსაჯა. მას პირადად ვიცნობ. ამ პროექტში ჩართულია ჩვენი, ქართველი მსაჯების ირლანდიელი მასწავლებელი დევიდ მაკქიუც და სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი ამერიკაში მიწვევა. ჯერ უცნობია იქ რომელი თამაშების მსაჯობა მომიწევს, თუმცა ვიცი, რომ სამივე შეხვედრა სხვადასხვა შტატში გაიმართება“.

„ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. 2031 წლის მსოფლიო თასს სწორედ ამერიკა უმასპინძლებს და მაქსიმალურად ცდილობენ რაგბის პოპულარიზაციას. MLR-ში არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი თამაშობს და ლოჯისტიკური საკითხების გარდა, ამ მოთამაშეებთან ურთიერთობაც დიდი გამოცდილება იქნება. აშშ-ში „გახურების“ შემდეგ გადავინაცვლებ სამხრეთ აფრიკაში და ჩავერთვები 20-წლამდელთა ჩემპიონატში“ – აღნიშნავს აბულაშვილი.

ახალი წესებით აფრიკაში

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ახალი წესებით ჩატარდება, რომელთა მიზანი, მოთამაშეთა უსაფრთხოებასთან ერთად, თამაშის ინტენსივობის გაზრდაა, რაც რაგბს უფრო სანახაობრივს გახდის. ცვლილება ეხება სამ ძირითად წესს, რომლებსაც აბულაშვილი დაწვრილებით გვიხსნის:

„ახალ წესებზე გადაწყობა მოთამაშეებთან ერთად მსაჯებსაც გვიწევს. ცვლილებები ფაქტობრივად ყოველ წელს ხდება და ეს სიახლე არაა, თუმცა ერთგვარი გამოწვევა ნამდვილადაა. ცვლილებების შედეგად მატულობს სათამაშო დრო, რაც რაგბს სანახაობას მატებს“.

„იცვლება თამაშგარის წესი. ფეხით დამრტყმელზე წინ მდგომი მოთამაშეები ვალდებული იქნებიან იმოძრაონ უკან. მათ თამაშგარიდან მხოლოდ დამრტყმელი, ან მის უკან მდგომი მოთამაშე გამოიყვანს და ეს აღარ იქნება დამოკიდებული მოწინააღმდეგის ქმედებებზე, რაც უფრო მეტ სივრცეს შექმნის“.

„თავისუფალის დანიშვნისას აღარ იქნება შესაძლებელი შერკინების მოთხოვნა. ბურთი უნდა გათამაშდეს, ან ფეხი დაირტყას, რაც გუნდების თამაშში უფრო სწრაფად დაბრუნებას განაპირობებს“.

„მესამე ცვლილება ეხება რაქში გადაყრას. იკრძალება გადატრიალებით გადაყრა. მოთამაშეზე ხელის მოხვევა, გადატრიალება და რაქის ამ გზით გასუფთავება აღარ შეიძლება. გადამყრელი სწორი მხრიდან უნდა შევიდეს და პირდაპირი გადაყრის წესით გაასუფთაოს რაქი. ეს წესი მოთამაშეთა უსაფრთხოებითაა განპირობებული“.

RUGBY.GE

0.064157