ფეხბურთი

19:58 | 25.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" ფინალში "სიტი" დაამარცხა და ასოციაციის თასი მოიგო (+VIDEO)

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში სეზონი კატასტროფულად ჩაატარა, მხოლოდ მერვე ადგილზე გავიდა, მაგრამ სეზონი მაინც ამაღლებულ განწყობაზე დაასრულა.

ასეა, რადგან ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ასოციაციის თასი მოიგო და თანაც, ფინალში „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა!

„უემბლიზე“ გამართულ დერბიში „წითელმა ეშმაკებმა“ პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს პრაქტიკულად ყველაფერი. 30-ე წუთზე ალეხანდრო გარნაჩომ იოშკო გვარდიოლის შეცდომით ისარგებლა (თუმცა, არც შტეფან ორტეგა იყო უშეცდომო) და ცარიელ კარში მოახერხა გოლის გატანა. 9 წუთის შემდეგ კობი მეინომ სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში ტენ ჰაგის ბიჭები კარგა ხანს ინარჩუნებდნენ ხელსაყრელ ორბურთიან უპირატესობას. „სიტიმ“ მაინც მოახერხა თამაშის დაძაბვა და 87-ე წუთზე ჟერემი დოკუმ სხვაობა შეამცირა. თუმცა, პეპ გვარდიოლას გუნდმა მეტი ვერ შეძლო და სეზონი დუბლის გარეშე დაასრულა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ასოციაციის თასი ისტორიაში მე-13-ედ მოიგო, 2016 წლის შემდეგ კი, პირველად. „მანჩესტერისთვის“ ამ ტიტულით სეზონის დასრულება ერთგვარი ნუგეში ნამდვილადაა.

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 გარნაჩო (30), 0:2 მეინო (39), 1:2 დოკუ (87)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110673