„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი დიდი ალბათობით ანტონიო კონტე გახდება. ამის შესახებ Sky Sport-ი იტყობინება.
„ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის პირველი არჩევანი ჯან პიერო გასპერინი იყო, რომლის გადაწყვეტილებას ის ბოლო მომენტამდე ელოდა, მაგრამ როგორც იტალიელები წერენ, გასპერინიმ „ატალანტაში“ დარჩენა გადაწყვიტა.
ამიტომაც, ახლა დე ლაურენტისი კონტეს დანიშვნაზე მუშაობს და გამოცდილ სპეციალისტთან სიტყვიერი შეთანხმებაც მიღწეული აქვს. კონტეს „ნაპოლი“ სეზონში 6.5 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც 2 მილიონი ბონუსის სახითაც დაემატება. ანტონიო კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს. მოსალოდნელია, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ინფორმაცია ოფიციალურად უახლოს დღეებში დადასტურდება.
ანტონიო კონტე ბოლოს ლონდონის „ტოტენჰემში“ მუშაობდა, თუმცა უკვე ერთი წელია უგუნდოდაა. მან „არეცოში“, „ბარიში“, „ატალანტაში“, „სიენაში“, „იუვენტუსში“, იტალიის ნაკრებში, „ჩელსისა“ და „ინტერშიც“ იმუშავა.