ფეხბურთი

20:10 | 24.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ამიერიდან მეც "ბარსელონას" ერთ-ერთი გულშემატკივარი ვარ, კლუბს საუკეთესოს ვუსურვებ"
ჩავის ღია წერილი "ბარსელონას" ფანებს

ჩავი „ბარსელონას“ ფანებს დაემშვიდობა და მათ ღია წერილით მიმართა. როგორც ესპანელმა თქვა, ამიერიდან ისიც გუნდის გულშემატკივარი იქნება ტრიბუნებზე და „ბარსას“ საუკეთესოს უსურვებს.

„ძვირფასო მეგობრებო, კვირას დასრულდება ჩემი მოღვაწეობა „ბარსელონას“ მწვრთნელის რანგში. არასოდესაა ადვილი შენი ცხოვრების კლუბის დატოვება, მაგრამ ძალიან ვამაყობ ამ გასახდელში გატარებული ორწელიწად ნახევრით, რომელიც მეორე ოჯახივით იყო.

მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ და ისეთივე სიყვარულს იჩენდნენ, როგორც ჩემი ფეხბურთელობის პერიოდში.

ამიერიდან მე ერთი რიგითი გულშემატკივარი ვიქნები ტრიბუნებზე, იმიტომ, ფეხბურთელობამდე და მწვრთნელობამდე, პირველ რიგში, „ბარსელონას“ გულშემატკივარი ვარ და კლუბისთვის საუკეთესო მინდა.

შესანიშნავ ფეხბურთელებთან და სტაფთან ერთად ვმუშაობდი. ყველა მათგანის წყალობით მივაღწიეთ დასახულ მიზნებს, რაც შარშან ჩემპიონატის და სუპერთასის მოგებით დასრულდა. ამ სეზონში ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც გვინდოდა, მაგრამ ლა მასიას ახალ თაობას მთავარ გუნდში თავის გამოჩენის შანსი მივეცით.

დიდი მადლობა ყველას, გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, პერსონალს, კლუბის თანამშრომლებს, პრეზიდენტს, დირექტორთა საბჭოს, სპორტულ დირექტორებს, მედიას და ყველას, ვისთანაც მუშაობა მომიწია. საუკეთესოს ვუსურვებ კლუბს, რომელიც ჩემს გულშია“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩავი „ბარსელონას“ 2021 წლის შემოდგომიდან ედგა სათავეში და 2023 წელს, ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა. მისი ხელმძღვანელობით „ბარსამ“ სულ 141 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 88 მოიგო, 29 წააგო და 24-ჯერ ფრე ითამაშა.

0.115798