ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! აბუ დაბიში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტმა ისევ ყველას აჯობა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.
81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ფინალამდე გერმანელი ტიმო კაველიუსი, თურქი ვედათ ალბაირაქი, ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი და სამხრეთკორეელი ჯოონვან ლი დაამარცხა. ფინალში მისი მეტოქე რუსი ტიმურ არბუზოვი, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში, ვაზარით სძლია და ჩემპიონობა მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ტატო ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში: 2021 წელს ის ვერცხლს დასჯერდა, მაგრამ 2022 და 2023 წლებში მსოფლიოს ჩემპიონობა მოახერხა, ასე რომ, ზედიზედ მესამედ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, რაც საოცარი შედეგია.
ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი!
ამავე წონაში ბრინჯაომდე ცოტა დააკლდა დიმიტრი გოჩილაიძეს, რომელმაც მოლდოველ მიჰაილ ლატისევს, რუმინელ ადრიან ლუსცას, იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს და ავსტრიელ ბერნდ ფაშინგს აჯობა, თუმცა ნახევარფინალში რუს ტიმურ არბუზოვთან წააგო. შესაბამისად, ქართულ ფინალამდე ძალიან ცოტა დააკლდა. გოჩილაიძე ბრინჯაოს მედლისთვის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა, მაგრამ მარცხი განიცადა და საბოლოოდ, უმედლოდ დარჩა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია, რომლებიც შესაბამისად გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ), ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვეს.