ფეხბურთი

13:50 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლოგოს აკოცა და ფანებს მადლობა გადაუხადა: მამარდაშვილი "მესტალიას" დაემშვიდობა? (+VIDEO)

გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ დიდი ალბათობით, ბოლო მატჩი ჩაატარა. ამაზე არა მარტო კლუბში არსებული სიტუაცია, არამედ ქართველი მეკარის ჟესტიც მიანიშნებს.

„ჟირონასთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგიმ ფანებს მადლობა გადაუხადა, „ვალენსიას“ ლოგოს აკოცა და თითქოს ფანებს დაემშვიდობა. ესპანურ მედიაში ეს არ გამორჩენიათ და ამ თემაზე წერენ:

„არსებობს კადრები, რომლებიც ყველაფერს ამბობენ. როდესაც მსაჯმა მატჩი დაასრულა, „მესტალიაზე“ ბოლო ამ სეზონში, მამარდაშვილი კარის ძელს მიეყრდნო, თითქოს სასოწარკვეთილი იჯდა და თავში ათასი აზრი უტრიალებდა. ის სეზონის საუკეთესო მოთამაშეა „ვალენსიაში“ და იცის, რომ ამ კლუბში მისი დრო ამოიწურა. „მესტალიაზე“ გახდა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და იცის, რომ დარჩენა რომც უნდოდეს, ეს თითქმის შეუძლებელია. შემდეგ ის ფეხზე წამოდგა, ტრიბუნებს გახედა და გამოსამშვიდობებელი ჟესტით აკოცა ლოგოს, მერე კი გასახდელში გავიდა“, - წერს Marca.

ამ ამბავს გამოეხმაურა გამოცემა As-იც: „მამარდაშვილი დაჯდა და კარის ძელს მიეყრდნო. როცა ფეხზე წამოდგა, ტრიბუნებისკენ გაიხედა, გულშემატკივარს ტაში დაუკრა და ლოგოს აკოცა. „ვალენსიას“ პოლიტიკიდან გამომდინარე მან შეიძლება „მესტალია“ ზაფხულში დატოვოს, მაგრამ უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ კლუბში დარჩენა სურს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ეს მასზე არ არის დამოკიდებული.

მის კარზე პრემიერლიგის კლუბები აკაკუნებენ და მამარდაშვილის სურვილიც ევროტურნირებზე თამაშია. 23 წლის ასაკში, ელიტარულ დონეზე სამი სეზონის შემდეგ, ის მზად არის ჩემპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის კლუბში გადასასვლელად, ასეთ სპორტულ პროექტს კი, მას „ვალენსია“ ვერ სთავაზობს. მიუხედავად ამისა, „ვალენსიაში“ თავს მაინც კომფორტულად გრძნობს, სადაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ყოველდღე იზრდებოდა ხოსე მანუელ ოჩოტორენასთან ერთად“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიაში“ 2021 წლიდან დღემდე 99 მატჩი აქვს ჩატარებული, სეზონის ბოლო მატჩს კი, 25 მაისს, ვიგოში, „სელტას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.118031