ფეხბურთი

1:15 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძემ პსჟ-ს ვერ გაუტანა, მაგრამ ისევ საუკეთესო იყო, "მეცი" პლეი-ოფში ითამაშებს

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო, 34-ე ტურში „მეცი“ „პარი სენ-ჟერმენთან“ 0:2 დამარცხდა, მაგრამ ბრძოლას აგრძელებს და პლეი-ოფში ითამაშებს.

პარიზელებმა საწყის წუთებზე ორჯერ გაიტანეს (კარლოს სოლერი და კან-ინ ლი) და მატჩის ბედი მარტივად გადაწყვიტეს. ბოლო წამზე პსჟ მესამე გოლთანაც ახლოს იყო, როცა მარკო ასენსიოს დარტყმა მცირედით ასცდა კარს, რიკოშეტის დამსახურებით, თორემ "მეცი" 0:3 წაგების შემთხვევაში გავარდებოდა.

გიორგი მიქაუტაძე ისევ გამორჩეული იყო თანაგუნდელებში, გოლთანაც ახლოს იყო. ორჯერ კეილორ ნავასმა აჯობა, განსაკუთრებით მეორედ, როცა ლამაზი გოლი გაჰქონდა ქართველს, დანილო პერეირა ეფექტურად მოატყუა, მაგრამ მეკარე წინ აღუდგა. მერე ჟორჟმა ჯარიმა დაარტყა ძალიან კარგად და სანტიმეტრები დააკლდა გოლამდე.

შედეგად, მისი 6-მატჩიანი გოლების სერია შეწყდა. გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის სეზონი 20 მატჩში გატანილი 13 გოლით და 4 საგოლე პასით დაასრულა. ის ბომბარდირთა დავაში მეშვიდე ადგილზე გავიდა, რაც ბრწყინვალე შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ ნახევარი სეზონი „აიაქსში“ თამაშობდა.

„მეცი“ პლეი-ოფში იბრძოლებს, რომელიც ორრაუნდიანი იქნება, მატჩები 30 მაისს და 2 ივნისს გაიმართება. ასე რომ, მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებს ცოტა დაგვიანებით, 2 ივნისის შემდეგ შეუერთდება, რაც არ არის მაინცდამაინც სასიხარულო ამბავი. „მეცის“ მეტოქე ლიგა 2-ის პლეი-ოფიდან გაირკვევა, რომელშიც „სენტ ეტიენი“, „როდეზი“ და „პარიზი“ ითამაშებენ, შესაბამისად, ამ სამი გუნდიდან ერთ-ერთი იქნება ლაშლო ბოლონის გუნდის მეტოქე.

სხვათა შორის, „მეცი“ პირდაპირ გავარდნას ბეწვზე გადაურჩა, რადგან მისმა კონკურენტმა „ლორიანმა“ „კლერმონი“ 5:0 გაანადგურა, შედეგად, ორივე გუნდმა 29-29 ქულით და თანაბარი ბურთების ბალანსით დაასრულეს სეზონი (-23), მაგრამ „მეცმა“ „ლორიანს“ ურთიერთშეხვედრებში აჯობა, ამ შემთხვევაშიც ბეწვზე გადარჩა, რადგან სტუმრად უფრო მეტი გოლი გაუტანა „ლორიანს“ (3:2 გასვლაზე აჯობა, შინ 1:2 წააგო).

აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ლიგა 1 მესამე ადგილზე დაასრულა და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს „ბრესტი“, რაც დიდი მოულოდნელობაა.

0.116251