„ჟირონას“ მეკარეების მწვრთნელმა ხუან კარლოს ბალაგერმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
ბალაგერი ვალენსიაშია დაბადებული, საფეხბურთო კარიერაც იქ დაიწყო, მაგრამ მთავარ გუნდში ვერ ითამაშა და კარიერა სხვა კლუბებში გაატარა. ამჟამად, „ჟირონაში“ მუშაობს და ესპანურ AS-თან გიორგის შესახებ ვრცლად ილაპარაკა.
„მამარდაშვილზე ოჩოტორენას ველაპარაკე, როცა ის ჟირონაში იყო. ვფიქრობ, რომ ის ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა სიტუაციიდან და მისი ასაკიდან გამომდინარე. უმატებს და უმატებს. გუნდის ლიდერია და „ვალენსიას“ საკმაოდ ბევრი ქულა მოუტანა.
მან წინ შთამბეჭდავი ნაბიჯი გადადგა. ამ სეზონში ძალიან მაღალ დონეზეა და ის არის მეკარე, რომელიც ლა ლიგის ან სხვა ქვეყნის ტოპ გუნდში წავა, მაგალითად, პრემიერლიგაში. მისი გაყიდვა კლუბზეა დამოკიდებული.
არ ვიცი, მასში რამდენის გადახდას აპირებენ, მაგრამ აშკარაა, რომ დიდი ფული იქნება, რადგან ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ეჭვი არ მეპარება, რომ ოჩოტორენასთან მუშაობით გაიზარდა მამარდაშვილი და დარწმუნებული ვარ, მისი შესანიშნავი მასწავლებელია. ოჩოტორენა მეკარეების არაჩვეულებრივი მწვრთნელია და დიდი გამოცდილება აქვს. გიორგის პროგრესში მისი დიდი დამსახურებაა, ვიცი ის როგორ მუშაობს და ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა“, - თქვა ბალაგერმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიაში“ 2021 წლიდან დღემდე 98 მატჩი აქვს ჩატარებული, მას ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.