ფეხბურთი

19:51 | 18.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" ტიტული ჩაიბარა, "ბაიერნი" მეორეზეც ვერ გავიდა, როისი გააცილეს
"უნიონი" გადარჩა, "ბაიერნმა" სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა

გერმანიის ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონი დასრულდა, რომლის ბოლო ტურის ყველა მატჩი ერთმანეთის პარალელურად გაიმართა და ბევრი რამ ირკვეოდა.

„ლევერკუზენი“ ჩემპიონი დიდი ხნის გახდა, მაგრამ თასი დღეს, „ბაი არენაზე“ ჩაიბარა, თანაც ბუნდესლიგა ისე მოიგო, რომ ერთი თამაშიც არ წაუგია. ჩაბი ალონსოს გუნდმა ბოლო ტურში „აუგსბურგი“ 2:1 დაამარცხა და „ლევერკუზენის“ წაუგებელ მატჩთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა! მოგეხსენებათ, „ლევერკუზენი“ გერმანიის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. ალონსოს გუნდს ამ სეზონში ორი დიდი მიზანი კიდევ აქვს: 22 მაისს, ევროპა ლიგის ფინალში „ატალანტას“, ხოლო 25 მაისს, გერმანიის თასის ფინალში „კაიზერლაუსტერნს“ შეხვდება.

„ლევერკუზენმა“ ბუნდესლიგაში 34 მატჩიდან 28 მოიგო, 6-ჯერ ფრეს დასჯერდა და არ დამარცხდა, შედეგად, 90 ქულით დაასრულა ჩემპიონატი.

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში მეორე ადგილიც ვერ დაიკავა. თომას ტუხელის ბოლო შეხვედრა „რეკორდმაისტერში“ წარუმატებელი გამოდგა, რადგან ბავარიელები სტუმრად „ჰოფენჰაიმთან“ 2:4 დამარცხდნენ. არადა, მეექვსე წუთზე „ბაიერნი“ 2:0-ს იგებდა! თუმცა, მერე მოახერხა და 4 უპასუხო გოლი გაუშვა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ანდრეი კრამარიჩმა, რომელმაც გარდა ამისა, ერთი საგოლე პასიც მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მანუელ ნოიერმა ისევ დაუშვა შეცდომები, რადგან ზინსჰაიმელთა ორი გოლი მის არაზუსტ პასებს მოჰყვა... „ბაიერნმა“ ბუნდესლიგა 72 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. „ჰოფემ“ ამ გამარჯვებით 46 ქულას მოუყარა თავი და მეშვიდე ადგილი დაიკავა.

მიუნხენური გრანდი უკან მოიტოვა „შტუტგარტმა“, რომელმაც ბოლო ტურში „გლადბახი“ 4:0 გაანადგურა, 73 ქულა დააგროვა ვიცე-ჩემპიონი გახდა. „შვაბებს“ ამაზე უკეთესი შედეგი ბოლოს 2007 წელს ჰქონდათ, როცა ჩემპიონები გახდნენ...

„სიგნალ იდუნა პარკიდან“ გააცილეს მარკო როისი, სადაც მას დიდებული საღამო მოუწყვეს. „დორტმუნდმა“ 4:0 გაანადგურა კარგა ხნის გავარდნილი „დარმშტადტი“, ხოლო მარკომ საშინაო პუბლიკის წინაშე ბოლო მატჩში საგოლე პასი და გოლი მიითვალა. მან ჯარიმით დალაშქრა მეტოქის კარგი. როისი კიდევ ითამაშებს „დორტმუნდში“, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ საკუთარ მოედანზე ეს მისი ბოლო მატჩი იყო. „დორტმუნდმა“ 63 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა.

მეოთხე ადგილზე გავიდა „ლაიფციგი“, რომელიც ფრანკფურტში, „აინტრახტს“ 2:0-ს უგებდა, მაგრამ ქულას დასჯერდა - 2:2. თავის მხრივ, დინო ტოპმიოლერის გუნდმა 47 ქულით მეექვსე პოზიციაზე დაასრულა სეზონი და ევროპა ლიგის საგზური ხელში აქვს, მაგრამ „დორტმუნდი“ თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, „აინტრახტი’ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

გასავარდნ ზონაზეც უნდა ვთქვათ: „დარმშტადტი“ დიდი ხნის წინ იყო გავარდნილი, ხოლო დღეს მას „კიოლნი“ შეუერთდა, რომელიც „ჰაიდენჰაიმთან“ უშანსოდ, 1:4 დამარცხდა. პლეი-აუტში მოუწევს გადარჩენისთვის ბრძოლა „ბოხუმს“, რომელიც „ვერდერთან“ 1:4 დამარცხდა. „ბოხუმს“ ორი კვირის წინ, თითქოს თავი ქუდში ჰქონდა, როცა „უნიონს“ სტუმრად აჯობა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა.

სწორედ „უნიონი“ გადარჩა, რომელმაც შინ „ფრაიბურგი“ 2:1 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. არადა, ბერლინელებს რომ ვერ მოეგოთ, პლეი-აუტში თვითონ მოხვდებოდნენ და „ბოხუმი“ გარანტირებულად გადარჩებოდა. „უნიონმა“ ამ მატჩში ორი პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა მეორე გაცუდებულ პენალტზე გაუმართლა და სწორედ დამატებაზე გაიტანეს ბუნდესლიგაში დამრჩენი გოლი.

მაშ ასე: ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ „ლევერკუზენი“, „შტუტგარტი“, „ბაიერნი“, „ლაიფციგი“ და „დორტმუნდი“, ევროპა ლიგაზე „აინტრახტი“, კონფერენს ლიგაზე „ჰოფენჰაიმი“.

თუმცა, თუ „დორტმუნდი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, „აინტრახტს“ ერგება ჩემპიონთა ლიგის საგზურიც, ხოლო თუ „ლევერკუზენი“ გერმანიის თასზე გაიმარჯვებს, „ჰაიდენჰაიმი“ გავა კონფერენს ლიგაზე და „ჰოფენჰაიმი“ ევროპა ლიგაზე, ხოლო „კაიზერსლაუტერნი“ თუ დაეუფლება თასს, თვითონ გავა ევროპა ლიგაზე.

II ბუნდესლიგაში გავარდნენ „დარმშტადტი“ და „კიოლნი“, იქიდან ამოვიდნენ „ჰოლშტაინ კილი“ და „ზანკტ პაული“, ხოლო მესამე საგზურისთვის, „დიუსელდორფი“ და „ბოხუმი“ ორმატჩიან პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან.

საუკეთესო ბომბარდირი ჰარი კეინი გახდა 36 გოლით, მაგარი სეზონი ჰქონდა სეჰრუ გირასის, რომელმაც 28 გოლი გაიტანა, ხოლო ლოის ოპენდას აქტივში 24 გოლია.

„ლევერკუზენი“ – „აუგსბურგი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ბონიფესი (12), 2:0 ანდრიხი (27), 2:1 კომური (62)

„დორტმუნდი“ – „დარმშტადტი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 მაატსენი (30), 2:0 როისი (38), 3:0 ბრანდტი (72), 4:0 მალენი (88)

„აინტრახტი“ – „ლაიფციგი“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 სიმონსი (42, პენ), 0:2 შეშკო (46), 1:2 ეკიტიკე (60), 2:2 მარმუში (77)

„ჰაიდენჰაიმი“ – „კიოლნი“ 4:1 (3:0)

გოლები: 1:0 დინკჩი (16), 2:0 დინკჩი (22), 3:0 სესა (36), 3:1 ტიგესი (64), 4:1 ბესტე (78)

„ჰოფენჰაიმი“ – „ბაიერნი“ 4:2 (1:2)

გოლები: 0:1 ტელი (4), 0:2 დევისი (6), 1:2 ბაიერი (8), 2:2 კრამარიჩი (68), 3:2 კრამარიჩი (85), 4:2 კრამარიჩი (87)

„შტუტგარტი“ – „გლადბახი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 გირასი (23), 2:0 გირასი (31), 3:0 ჯეონგი (75), 4:0 სილასი (83)

„უნიონი“ – „ფრაიბურგი“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ჰოლერბახი (68), 1:1 დოანი (85), 2:1 ჰაბერერი (90)

„ვერდერი“ – „ბოხუმი“ 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 ფრედლი (6), 2:0 იუნგი (78), 3:0 სტაგე (80), 3:1 ადიეი (85), 4:1 შმიდი (88)

„ვოლფსბურგი“ – „მაინცი“ 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 პარედესი (18), 1:1 გრუდა (24), 1:2 ვან დენ ბერგი (71), 1:3 ბურკარდტი (85)

ბუნდესლიგა 2023-2024, სატურნირო ცხრილი

1. ლევერკუზენი 34 28 6 0 89 24 65 90
2. შტუტგარტი 34 23 4 7 78 39 39 73
3. ბაიერნი 34 23 3 8 94 45 49 72
4. ლაიფციგი 34 19 8 7 77 39 38 65
5. დორტმუნდი 34 18 9 7 68 43 25 63
6. აინტრახტი 34 11 14 9 51 50 1 47
7. ჰოფენჰაიმი 34 13 7 14 66 66 0 46
8. ჰაიდენჰაიმი 34 10 12 12 50 55 -5 42
9. ვერდერი 34 11 9 14 48 54 -6 42
10. ფრაიბურგი 34 11 9 14 45 58 -13 42
11. აუგსბურგი 34 10 9 15 50 60 -10 39
12. ვოლფსბურგი 34 10 7 17 41 56 -15 37
13. მაინცი 34 7 14 13 39 51 -12 35
14. გლადბახი 34 7 13 14 56 67 -11 34
15. უნიონი 34 9 6 19 33 58 -25 33
16. ბოხუმი 34 7 12 15 42 74 -32 33
17. კიოლნი 34 5 12 17 28 60 -32 27
18. დარმშტადტი 34 3 8 23 30 86 -56 17

საუკეთესო ბომბარდირები

1. ჰარი კეინი (ბაიერნი) – 36 გოლი

2. სეჰრუ გირასი (შტუტგარტი) – 28

3. ლოის ოპენდა (ლაიფციგი) – 24

4. დენიზ უნდავი (შტუტგარტი) – 18

5. მაქსიმილიან ბაიერი (ჰოფენჰაიმი) - 16

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059498