ფეხბურთი

10:25 | 18.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "ეს კარგად ასახავს „ნაპოლისთვის“ მის მნიშვნელობას"

იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ფიორენტინას“ დაუზავდა (2:2), რაც ხვიჩა კვარაცხელიას დიდი დამსახურებაა, რომელმაც 57-ე წუთზე დიდებული გოლით ანგარიში გაათანაბრა.

იტალიური მედია ქართველი ფეხბურთელის თამაშს შემდეგნაირად გამოეხმაურა:

Mediaset 7 „ნაპოლისთვის“ და (ნაწილობრივ) მისთვის მოსაწყენ სეზონში, სერია A-ში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. სტატისტიკა, რომელიც კარგად ასახავს „აძურისთვის“ მის მნიშვნელობას. მისი საჯარიმო დარტყმა გასაოცარი იყო“.

Eurosport 7 ქულა: „პირველი 20 წუთი მაღალ დონეზე ითამაშა, გოლთანაც ახლოს იყო. შემდეგ მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, როცა ჯარიმა არ დაუნიშნეს, განერვიულდა. თუმცა, გოლი უტყუარი დასტურია იმის, რომ უდავოდ დადებითი საღამო ჰქონდა“.

Tuttomercatoweb 7 ქულა: „პირველ ტაიმში თანაგუნდელთა შორის ყველაზე აქტიური და ცოცხალია. მეორე ტაიმის დასაწყისში ძლიერი და ელეგანტური დარტყმით ჯარიმაც გაიტანა“.

Calciomercato 7 ქულა: „არასდროს ჩერდება და მატჩის დაწყებიდან ერთ საათში მაღალ კუთხეში საჯარიმო დარტყმით ჯადოსნური გოლი გაიტანა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, შვიდჯერ საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. კონკრეტულად სერია A-ში კი - 33 მატჩი, 11 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

„ნაპოლი“ 37 ტურის შემდეგ 52 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო სეზონის ბოლო მატჩს 26 მაისს, საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114688