საფრანგეთის ფეხბურთელთა და მწვრთნელთა კავშირის ვერსიით, პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპე ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ UNFP-ს (პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია) პრესსამსახური იტყობინება.
მიმდინარე სეზონში კილიანმა საფრანგეთის ჩემპიონატში 29 მატჩში 27 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა პარიზელთა შემადგენლობაში ის ლიგა 1-ის გამარჯვებული გახდა. ეს მბაპეს ბოლო სეზონია დედაქალაქური კლუბის შემადგენლობაში.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის თავდამსხმელი პსჟ-ში 2018 წლის ზაფხულში „მონაკოდან“ გადავიდა. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 307 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 256 ბურთი გაიტანა და 108 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპემ მადრიდის „რეალთან" 2029 წლამდე კონტრაქტი უკვე გააფორმა. თავის მხრივ, „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბს შეატყობინა, რომ მბაპე მადრიდის „რეალის" ახალი ფეხბურთელი გახდება.