ივა გელაშვილი იტალიურ „სპეციას“ დატოვებს, სადაც თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა. ქართველ მცველს შანსი მიეცა, მაგრამ ბოლო სამი თვის განმავლობაში მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია, შესაბამისად, ლიგურიელები მას „დინამო ბათუმიდან“ არ გამოისყიდიან.
როგორც cittadellaspezia წერს, 9 მატჩი და 1 გოლი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ კლუბის ხელმძღვანელობა დაერწმუნებინა მის გამოსყიდვაში და საქართველოში დაბრუნება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ივა გელაშვილმა „სპეციას“ რიგებში 9 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, „მოდენას“ კარში. სხვათა შორის, სწორედ „მოდენას“ წინააღმდეგ, ოღონდ მეორე წრის შეხვედრაში მან წითელი ბარათი მიიღო და გაძევების შემდეგ მწვრთნელი აღარ ენდობოდა, მხოლოდ ერთხელ, ისიც 4 წუთით მისცა თამაშის შესაძლებლობა.
„სპეცია“ სერია B-დან გავარდნას ბოლო ტურში გადაურჩა, როდესაც „ვენეცია“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.