„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის (0:0) შემდეგ, რომელშიც ის ლა ლიგამ საუკეთესოდ დაასახელა, კომენტარი გააკეთა.
ქართველმა მეკარემ თავის მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ვალენსიაში“ დარჩენა მასზე არ არის დამოკიდებული.
„ჩემი საქმეა ბურთების მოგერიება. ამისთვის ყოველდღე ვმუშაობ, რთულია, მაგრამ ჩემი საქმეა. ლა ლიგაში კონკურენცია ძალიან მაღალია და გამარჯვება ადვილი არ არის, მაგრამ სამი ტური დარჩა და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. დღეს დაგვაკლდა ბურთის კონტროლი და სიმშვიდე, მოსაგებად მეტი მომენტის შექმნა და გამოყენებაა საჭირო. დღეს ვერ მოვიგეთ, მაგრამ „მესტალიაზე“ ამ სეზონში ბევრი თამაში მოვიგეთ.
მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, ისინი ძალიან მეხმარებიან. დასანანი იყო „ბარსელონასთან“ გაძევება, რადგან პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვთამაშობდით და შემდეგ შეცდომა დავუშვი, ამიტომ მოუთმენლად ველოდი ამ თამაშს.
ჩემი მომავალი? „ვალენსიაში“ დიდი ხნით დარჩენა ჩემი ოცნებაა, მაგრამ ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ჯერ არ ვიცი, ვნახოთ, რა მოხდება“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში 38 გოლი აქვს გაშვებული და 13-ჯერ კარი მშრალად შეინახა. „ვალენსია“ 48 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 16 მაისს, სტუმრად „სოსიედადთან“ გამართავს.