ფეხბურთი

22:26 | 11.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი კვიპროსის ჩემპიონები გახდნენ
"აპოელმა" ჩემპიონობა 2019 წლის შემდეგ პირველად მოახერხა

კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „აპოელმა“ უშუალო კონკურენტ ლარნაკას „აეკთან“ ქულა მოიპოვა და ჩემპიონი გახდა.

ორივე გუნდი შეხვედრას თანაბარი ქულებით შეხვდა, მაგრამ ბურთების ბალანსითა და ურთიერთმატჩებში უპირატესობით, „აპოელს“ ფრეც აწყობდა. მატჩი ლარნაკელთა სწრაფი გოლით დაიწყო, თუმცა, „აპოელმა“ მეცხრე წუთზე გაათანაბრა და მერე არაფერი შეცვლილა.

შესაბამისად, ფრე 1:1, რითაც ორივე გუნდმა 73-73 ქულით დაასრულა სეზონი, მაგრამ ჩემპიონი ქართველების გუნდი გახდა. ნიქოზიის „აპოელი“ კვიპროსის ჩემპიონის ტიტულს 2019 წლის შემდეგ პირველად, ხოლო ისტორიაში 29-ედ დაეუფლა. საჩემპიონო მატჩში გიორგი ქვილითაიამ 82-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ლაშა დვალმა - შეუცვლელად.

ქვილითაიამ „აპოელში“ აწ დასრულებულ სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. ის პირველად გახდა კვიპროსის ჩემპიონი, 2021 წელს კი, „ანორთოსისთან“ ერთად ჰქონდა კვიპროსის თასი მოგებული. გარდა ამისა, გიორგი საქართველოს და უნგრეთის ჩემპიონიცაა კარიერაში.

ლაშა დვალმა 35 შეხვედრაში თავის გამოჩენა 4 გოლით და 1 საგოლე პასით შეძლო. მანაც პირველად მოიგო კვიპროსის ჩემპიონის ტიტული. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ, რომ ლაშას „ფერენცვაროშში“ ოთხჯერ აქვს მოგებული უნგრეთის ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112895