„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „უდინეზესთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, დასანანია, რომ კარს მშრალად ვერასდროს ინახავენ.
„მატჩის ბოლო ნაწილში გოლს ყოველთვის ვუშვებთ, ეს ძალიან სამწუხაროა. ამ საღამოს თამაშს ვაკონტროლებდით და უსაფრთხოებისთვის მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, რათა მატჩი დაგვეხურა. პირველ ტაიმში ბურთის მოძრაობა ნელი იყო, მეორე ნახევარში უფრო სწრაფად ვთამაშობდით და საგოლე მომენტების შექმნა შევძელით.
დასანანია, რადგან ეს მესამე მატჩია, რომელშიც მოგება ხელიდან ბოლო წუთებზე გავუშვით. ეს არის სეზონი, რომელშიც ყველაფერი ცუდი მიმართულებით მიდის და ყოველთვის ვუშვებთ გოლს. ძალიან რთული სეზონია, როდესაც გუნდში მოვედი, საშინელი სიტუაცია იყო, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ევროტურნირებზე გასვლა შეგვიძლია და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია, ვფიქრობ, რომ თუ „ნაპოლი“ ახალ მწვრთნელს აიყვანს, ის თავის სტაფს მოიყვანს, სხვანაირად არ შეიძლეა მოხდეს“, - თქვა კალცონამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 51 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 11 მაისს, „ბოლონიას“ უმასპინძლებს.