„დორტმუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, მეტოქის მიზანი დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მაგრამ მისი გუნდი ამ გამოწვევისთვის მზადაა.
„პსჟ-სთან პარიზში მარცხი მწარე იყო, რადგან საგოლე მომენტებიც ვერ შევქმენით. საპასუხო მატჩი სრულიად განსხვავებული იყო. ახლა მზად ვართ, კიდევ ერთხელ დავუპირისპირდეთ ამ გამოწვევას. მათ ხარისხიანი მწვრთნელი ჰყავთ, როგორიც ლუის ენრიკეა და 10 წელია მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ისინი ახლა კარგ ფორმაში არიან, შესაბამისად, რთული მატჩი იქნება.
რა თქმა უნდა, გვინდა, რომ საპასუხო მატჩის წინ მცირე უპირატესობა გვქონდეს, რათა ფინალში გასვლა შევძლოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დაპირისპირება 180 წუთისგან შედგება.
მალენი და ალე ვარჯიშს დაუბრუნდნენ, ვფიქრობ, ხვალისთვის მზად იქნებიან. ზაბიცერი, ემრე ჯანი და მაატსენიც გამოჯანმრთელდნენ. განსაკუთრებით მახარებს ზაბიცერის დაბრუნება, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ფეხბურთელია.. ბენსაბაინი და დურანვილი კი, ვერ ითამაშებენ“, - თქვა ტერზიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 1-ელ მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.