ქუთაისის ‘აიამ’ დიდი 10-ის ფინალში თბილისის ‘ლელო’ 19:3 დაამარცხა და საქართველოს ჩემიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა.
‘აიამ’ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა პირველ ორ გათამაშებაში – 1990 და 1991 წლებში; მესამედ ჯილდო 1995 წელს შემართა; ბოლოს კი ოქროს მედლებს 2021 წელს დაეუფლა და სამიწლის შემდეგ იგივე მიღწევა გაიმეორა. ქუთაისელებმა რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულეს, შესარჩევ ფინალში ‘ლელო’ დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ 27:10 დაამარცხეს, ფინალში კი იმავე ‘ლელოს’ „ავჭალაზე“ დამსახურებულად, 19:3 სძლიეს.
თამაშს როგორც ორივე გუნდის, ასევე ნეიტრალური მაყურებელი მრავალად დაესწრო და მათ ტრიბუნებზე განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნეს. ანგარიშის გახსნა ირაკლი ყიასაშვილს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა. თავის მხრივ ‘აიამ’ მე-9 წუთზე მოიპოვა ჯარიმის უფლება და ის გიორგი ბაბუნაშვილმა 3 ქულად აქცია, რაზეც ყიასაშვილმა ჯარიმითვე 21-ე წუთზე უპასუხა. ეს იყო ‘ლელოს’ ერთადერთი შედეგიანი შეტევა ფინალურ მატჩში.
ამის შემდეგ ქუთაისელები სრულად დაეუფლნენ ინიციატივას, 27-ე წუთზე გიორგი ნიკოლაძემ მეტოქის 22-ში ხაზი გაჭრა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, საქმეში ფორვარდები ჩაერთვნენ და გიორგი ქიმუცაძემ ლელო გაიტანა. გარდასახვა მიზანს ასცდა, მაგრამ ‘აია’ ინიციატივას ფლობდა და მალე სანდრო ქოიავა სინბინით დაისაჯა, ტაიმის ბოლოს კი ქუთაისელთა უპირატესობა ჯარიმით ბაბუნაშვილმა გაზარდა – 11:3.
მეორე ტაიმში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. პირველი 20 წუთი გუნდებმა უქულოდ გალიეს, რის შემდეგაც ‘აია’ იერიშზე გადავიდა და რადგან ლელოსთვის საჭირო წინსვლა ვერ მოხერხდა, ბაბუნაშვილმა კარის წინ 20 მეტრიდან არეკნი გაიტანა. ქუთაისელები არ მოეშვნენ, მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, 76-ე წუთზე კი საკუთარი შესაძლებლობა კიდევ ერთხელლ გამოიყენეს და ამირან შვანგირაძემ ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 19:3 და ‘აია’ საქართველოს 5-გზის ჩემპიონია.
ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ნოდარ დოლიძე გახდა. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშილმა ჩემპიონები და ფინალისტები შესაბამისი სინჯის მედლებით დააჯილდოვეს.
RUGBY.GE