ძიუდო

19:00 | 28.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველები საფრანგეთის ნაკრებთან 0:4 დამარცხდნენ.

ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა, მარიამ ჭანტურიამ და ლაშა ბექაურმა თავიანთი შეხვედრები წააგეს და ფრანგებმა ფინალი იოლად მოიგეს. საქართველომ შერეულ გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე (ქალების და კაცების გაერთიანებული გუნდი) მესამედ ვერ შეძლო ევროპის ჩემპიონობა (ეს ტიტული 2021 და 2023 წლებში აქვს მოპოვებული).

ფინალამდე, ქართველი ძიუდოისტები პირველი წრიდან თავისუფალი იყვნენ, შემდეგ კი იტალია დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხეს. საქართველოდან გამარჯვებები გურამ თუშიშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, და ორჯერ ლაშა ბექაურმა მოახერხეს.

ნახევარფინალში ჩვენი გუნდი მასპინძელ ხორვატიას შეხვდა, რომელსაც მარტივად, 4:1 აჯობა. ერთადერთი ბრძოლა მარიამ ჭანტურიამ დათმო და ხორვატია დაწინაურდა, თუმცა ქართველებმა 4 დაპირისპირება მოიგეს და ფინალში გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრშიც ბრწყინვალედ იასპარეზა და ჯამში 7 მედალი მოიპოვა, საიდანაც ოქროს დაეუფლნენ ვაჟა მარგველაშვილი და ტატო გრიგალაშვილი, ვერცხლს ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი, ხოლო ბრინჯაოებს ლაშა ბექაური, ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120475