„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ინგლისის პრემიერლიგის „ვესტ ჰემთან“ 35-ე ტურის მატჩში (2:2) ეგვიპტელ გარემარბთან, მოჰამედ სალაჰთან სიტყვიერ შელაპარაკებაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ეს ეპიზოდი მატჩის 82-ე წუთზე მოხდა. მოედანზე გასასვლელად მომზადებული სალაჰი დარვინ ნუნიესმა და ჯო გომესმა დაამშვიდეს, რომლებიც მის გვერდით იდგნენ და ასევე მინდორზე გასასვლელად ემზადებოდნენ.
„რა ითქვა? ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზე უკვე გასახდელში ვისაუბრეთ. ყველაფერი წარსულშია“, - ციტირებს კლოპს BBC.
„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა კი დასძინა: „ერთადერთი მიზეზი, ამ სიტუაციაში რის გამოც მწვრთნელი უკმაყოფილო იქნებოდა, არის ის, რომ მოთამაშეს ძალიან დიდი დრო დასჭირდა მოსამზადებლად და მოედანზე გასასვლელად", - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports.
ინგლისის ჩემპიონატის 35 ტურის შემდეგ, „ლივერპულმა“ 75 ქულა დააგროვა და ამჟამად მესამე ადგილზეა.