იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალში „იუვენტუსმა“ რომის „ლაციოსთან“ მარცხი განიცადა, მაგრამ ფინალში თამაშის უფლება მაინც მოიპოვა.
ტურინელებმა პირველ შეხვედრაში შინ მოპოვებული უპირატესობა (2:0) სტუმრად დაიცვეს. არადა, იგორ ტუდორის გუნდს ყველაფერი სათავისოდ მიჰყავდა, მეტოქეც საშინლად თამაშობდა და „ლაციო“ უშანსოდ არ ყოფილა.
ტატი კასტელანოსმა დუბლით ორბურთიანი ჩამორჩენა 48-ე წუთისთვის აღმოფხვრა, მაგრამ 83-ე წუთზე „იუვე“ არკადიუშ მილიკმა იხსნა, რომელმაც ერთი ბურთი გაქვითა და ეს გადამწყვეტი გამოდგა. ტურინული გრანდი კონკრეტულად შეხვედრაში 1:2 დამარცხდა, მაგრამ ეს გამარჯვების ტოლფასი იყო, რადგან ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგო.
იტალიის თასის მეორე ფინალისტი „ფიორენტინასა“ და „ატალანტას“ წყვილში გაირკვევა, სადაც პირველი მატჩი ფლორენციაში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. იტალიის თასის ფინალი 15 მაისს, რომში გაიმართება.
„ლაციო“ – „იუვენტუსი“ 2:1 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 2:3
გოლები: 1:0 კასტელანოსი (12), 2:0 კასტელანოსი (48), 2:1 მილიკი (83)