„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „მილანთან“ დერბიში გამარჯვების (2:1) და სკუდეტოს მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ამას ვერ წარმოიდგენდა მაშინ, როცა „ნერაძურის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
„ამ სიხარულს ვუზიარებ ყველას, კლუბს, მენეჯერებს, პრეზიდენტს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთან არ არის, მაგრამ ვესაუბრეთ და ძალიან ბედნიერია. ასევე, ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს მშობლებს, ისინი ამ სამი წლის განმავლობაში გვერდში მედგნენ. ყველას მადლობა.
ბედნიერი ვარ. სამი წლის განმავლობაში მოვიპოვეთ 6 ტიტული, ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც და ეს ყველაფერი ძნელი წარმოსადგენი იყო, როცა აქ მუშაობას ვიწყებდი. მადლობა ბიჭებს. ჩემპიონები მათემატიკურად დერბის მოგებით გავხდით და ეს არის ის, რაც ისტორიაში დარჩება. მინდა, პატივი მივაგო „მილანს“, რადგან მათთვის თამაში ფსიქოლოგიურად ადვილი არ იყო და ყველაფერი გააკეთეს, ბოლომდე იბრძოლეს. ამ სამი წლის განმავლობაში ძლიერი მეტოქეები გვყავდა და მომავალშიც გვეყოლება. ეს არის სამუშაოს ნაყოფი, რომელიც შორიდან იწყება, მშვენიერი სამი წელი იყო“, - თქვა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ იტალიის ჩემპიონი მეოცედ გახდა, ხოლო ინძაგისთვის ეს სამწვრთნელო კარიერაში პირველი სკუდეტოა. მას სხვა ჯილდოები აქვს მოგებული, იტალიის თასი და სუპერთასი არაერთხელ, მაგრამ სკუდეტოს პირველად დაეუფლა.