ფეხბურთი

1:15 | 22.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" ქამბექი "ელ კლასიკოში" და თითქმის განაღდებული ჩემპიონობა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში „ელ კლასიკო“ შედგა და ალბათ, საჩემპიონო ინტრიგაც საბოლოოდ მოკვდა.

მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონა“ დაამარცხა და უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა, შესაბამისად, 36-ე ჩემპიონობასთან უკვე ძალიან ახლოსაა.

„ბარსელონა“ ორჯერ იგებდა, ბოლოს „რეალმა“ მოიგო. ანგარიში მეექვსე წუთზე ანდრეას კრისტენსენმა გახსნა, რასაც მალევე ვინისიუსმა პენალტით უპასუხა. პირველ ტაიმში ერთი ძალიან საკამათო მომენტი იყო: ლამინ იამალის დარტყმის შემდეგ გადაკვეთა თუ არა, ბურთმა კარის ხაზი: მსაჯებმა გადაწყვიტეს, რომ არა, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია: ლა ლიგაში კარის ხაზის ტექნოლოგია არ არსებობს, რაც ერთობ უცნაურია.

პირველი ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღო ფრენკი დე იონგმა, რომელიც მადრიდულმა პუბლიკამ ტაშით გააცილა. დიდი შანსია, ნიდერლანდელის ტრავმა სერიოზული იყოს და ევრო 2024-იც გამოტოვოს.

მეორე ნახევარშიც „ბარსელონა“ დაწინაურდა ფერმინ ლოპესის გოლით, მაგრამ ისევ ცოტა ხანს იგებდა, რადგან ოთხ წუთში ლუკას ვასკესმა გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ჯუდ ბელინგემმა გამარჯვების და საჩემპიონო გოლი გაიტანა.

დარჩენილ ექვს ტურში სასწაული უნდა მოხდეს, რომ კარლო ანჩელოტის გუნდმა ესოდენ დიდი უპირატესობა ვერ შეინარჩუნოს.

„რეალი“ – „ბარსელონა“ 3:2 (1:1)

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

რეალი (4-3-1-2): ლუნინი; ვასკესი, ჩუამენი, რიუდიგერი, კამავინგა (გარსია 71) - ვალვერდე, კროოსი (დიასი 71), მოდრიჩი; ბელინგემი; როდრიგო (მილიტაო 74), ვინისიუსი (ხოსელუ 82)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი; კუნდე, არაუხო, კუბარსი, კანსელუ; კრისტენსენი (ლოპესი 46), გიუნდოგანი, დე იონგი (პედრი 45); იამალი, ლევანდოვსკი (ფერან ტორესი 64), რაფინია (ჟოაო ფელიქსი 64)

მწვრთნელი: ჩავი

გოლები: 0:1 კრისტენსენი (6), 1:1 ვინისიუსი (18, პენ), 1:2 ლოპესი (69), 2:2 ვასკესი (73), 3:2 ბელინგემი (90)

გაფრთხილება: კამავინგა (33), ვინისიუსი (75), მოდრიჩი (83) - კუნდე (75), კუბარსი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 15 (6) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 2:8 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: სეზარ სოტო გრადო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115505