არნემის „ვიტესი“ ნიდერლანდების უმაღლესი დივიზიონიდან (ერედივიზიე) გავარდა. კლუბს ფინანსური დარღვევების გამო ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ 18 (!) ქულა დააკლო.
„ვიტესი“ ისედაც მძიმე ვითარებაში იყო, მხოლოდ 17 ქულა ჰქონდა და ბოლო ადგილს იკავებდა, ახლა კი სატურნირო ცხრილში -1 ქულა აქვს, რაც ალბათ, უნიკალური შემთხვევაა.
„ვიტესის“ დასჯა სალიცენზიო პირობების ხელმეორე შეუსრულებლობამ გამოიწვია, მიუხედავად ფედერაციისგან გაფრთხილებისა.
„ვიტესი“ მძიმე ფინანსურ კრიზისშია და არც ისაა გამორიცხული, რომ მომდევნო სეზონი ერსტე დივიზიონშიც (მეორე ლიგა) ვერ გაატაროს, რადგან კლუბს გაკოტრების საფრთხე ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ „ვიტესში“ გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია თამაშობდნენ. კაშია კლუბის ლეგენდაა, სადაც 292 მატჩში 24 გოლი გაიტანა, სწორედ კაშიას კაპიტნობით აქვს „ვიტესს“ ერთადერთი ტიტული მოგებული (2017 წელს, ნიდერლანდების თასი).