ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ „ლივერპულთან“ მატჩისა და ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს შედეგი „ატალანტასთვის“ ტიტულზე მეტად ღირებულიცაა.
„ჩვენ ტურნირიდან გამოვთიშეთ დიდი გუნდი და დიდი მწვრთნელი. ორივე მატჩში ყველაფერი ჩავდეთ, პირველ რიგში - გული. ძალიან ბედნიერები ვართ. დღეს პენალტის შემდეგ შესანიშნავად ვითამაშეთ, უფრო მეტი სიზუსტით გოლის გატანაც შეიძლებოდა. ძალიან ბევრი ორთაბრძოლა იყო მოედანზე, მაგრამ თამაში მომეწონა. ჩემს კარიერაში თასები არ მაქვს, მაგრამ ბევრი მედალია და ეს გამარჯვებაც ლამაზი მედალია. ალბათ, „ლივერპულის“ ბარიერის გადალახვა ჩვენთვის ტიტულებზე მეტს ნიშნავს.
ალბათ, ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მისაღები წაგებაა (იღიმის - რედ). პირველი მატჩის შედეგმა ამ თამაშზე გავლენა იქონია, პენალტიდან გაშვებულ გოლს შეეძლო ყველაფრის გართულება, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ ვითამაშეთ კარგად. ნამდვილად ვამაყობ და ბედნიერი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. რა თქმა უნდა, „ლივერპულთან“ ფავორიტები არ ვიყავით, მაგრამ ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ“, - თქვა გასპერინიმ.
შეგახსენებთ, რომ ბერგამოს „ატალანტა“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში მარსელის „ოლიმპიკს“ დაუპირისპირდება.