სეზონის ფინალურ ნაწილს „ლივერპული“ ცუდ ფორმაში შეხვდა, პრემიერლიგაში ლიდერობა ხომ დაკარგა და ევროპა ლიგიდანაც გავარდა.
„ენფილდზე“ ერთი კვირის წინ „ატალანტასთან“ 0:3 იურგენ კლოპის გუნდმა ბერგამოში ვერ აღმოფხვრა. „წითლები“ მეშვიდე წუთზე მოჰამედ სალაჰმა პენალტით დააწინაურა, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა. ინგლისელებმა თამაში 1:0 მოიგეს, თუმცა ორი მატჩის ჯამში 1:3 წააგეს. ამრიგად, ბერგამოს „ატალანტა“ ევროპა ლიგის ნახევარფინალშია.
იტალიური დუელი „რომას“ გამარჯვებით დასრულდა. დანიელე დე როსის გუნდმა „სან სიროზე“ ჯანლუკა მანჩინის გოლით 1:0 აჯობა „მილანს“, რომელსაც დღეს საკუთარ მოედანზეც მოუგო. მანჩინიმ ისევ გაიტანა, სწორედ მან გახსნა ანგარიში მე-12 წუთზე. 10 წუთში პაულო დიბალამ ეფექტური დარტყმით სხვაობა გაზარდა და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა. 31-ე წუთზე რომაელებს თურქი მცველი, ზეკი ჩელიკი გაუძევეს და „მილანმა“ მატჩის უმეტესი ნაწილი რიცხობრივ უპირატესობაში გაატარა, თუმცა მხოლოდ იმას გამორჩა, რომ პრესტიჟის გოლი გაიტანა, რომელიც 85-ე წუთზე მატეო გაბიას აქტივშია. ასე რომ, „რომამ“ თამაში 2:1 მოიგო, ხოლო ორი მატჩის ჯამში 3:1 გაიმარჯვა.
ბუნდესლიგის მოგების შემდეგ „ლევერკუზენი“ ევროპა ლიგაზეც აგრძელებს ბრძოლას და ნახევარფინალშია. ჩაბი ალონსოს გუნდმა პირველ შეხვედრაში შინ 2:0 აჯობა „ვესტ ჰემს“. ლონდონში მასპინძლები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მეტი ვერ მოახერხეს. 88-ე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში „ფარმაცევტებმა“ 3:1 მოიგეს. „ლევერკუზენის“ დაუმარცხებელი სერია გრძელდება: მიმდინარე სეზონში „ბაიერი“ ვერავინ დაამარცხა და ასეა უკვე 44 მატჩია. „ლევერკუზენმა“ 2011-2012 წლების სეზონში „იუვენტუსის“ დამყარებული რეკორდი (ზედიზედ 43 მატჩი წაუგებლად სეზონში), გააუმჯობესა და სწორედ ამიტომ იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფრიმპონგის გამათანაბრებელი გოლი.
ნახევარფინალში მარსელის „ოლიმპიკიც“, რომელმაც ლისაბონში ერთი კვირის წინ „ბენფიკასთან“ 1:2 წააგო, მაგრამ შინ სიტუაცია შეცვალა. 79-ე წუთზე მუმბაგნამ გაიტანა და „მარსელმა“ თამაში 1:0 მოიგო, დამატებით დროში არაფერი შეცვლილა და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.
„მარსელმა“ 3-დან 3 პენალტი გაიტანა, „ბენფიკამ“ 4-დან მხოლოდ - 2. ანხელ დი მარიამ და ანტონიო სილვამ ვერ შეძლეს ზუსტად დარტყმა და „ბენფიკა“ გავარდა.
ნახევარფინალში „რომა“ „ლევერკუზენს“ შეხვდება, „ატალანტა“ – „მარსელს“. სხვათა შორის, ევროპა ლიგის ნახევარფინალში „რომა“ და „ლევერკუზენი“ გასულ სეზონშიც შეხვდნენ, მაშინ რომაელებმა მოიგეს (შინ 1:0, სტუმრად - 0:0).
ევროპა ლიგის ნახევარფინალები 2-9 მაისს გაიმართება.
„რომა“ – „მილანი“ 2:1 (2:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:1
გოლები: 1:0 მანჩინი (12), 2:0 დიბალა (22), 2:1 გაბია (85)
„ატალანტა“ – „ლივერპული“ 0:1 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 3:1
გოლი: 0:1 სალაჰი (7, პენ)
„ვესტ ჰემი“ – „ლევერკუზენი“ 1:1 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 1:3
გოლები: 1:0 ანტონიო (13), 1:1 ფრიმპონგი (89)
"მარსელი" - "ბენფიკა" 1:0 პენ: 3:2 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 2:2
გოლი: 1:0 მუმბაგნა (79)