ფეხბურთი

23:38 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე ორი ნახევარფინალისტი გაირკვა

კონფერენს ლიგაზე ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და ორივეში 90 წუთი საკმარისი არ გამოდგა.

ფლორენციის „ფიორენტინა“ უდიდეს უპირატესობას ფლობდა ჩეხურ „პლზენთან“, რასაც ისიც დაემატა, რომ 66-ე წუთიდან ჩეხები რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ. მიუხედავად ამისა, მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, ვინაიდან ზუსტად ეს ანგარიში დაფიქსირდა პირველ მატჩშიც, დამატებითი დრო დაინიშნა.

იქ უკვე „პლზენმა“ ვეღარ გაძლო. 92-ე წუთზე ნიკო გონსალესმა გაიტანა, ხოლო 108-ე წუთზე კრისტიანო ბირაგიმ და ფლორენციელები ნახევარფინალში გავიდნენ. მოგეხსენებათ, „ფიორენტინა“ შარშან კონფერენს ლიგაზე ფინალამდე მივიდა, სადაც „ვესტ ჰემთან“ წააგო.

ნახევარფინალში ითამაშებს ბირმინგემის „ასტონ ვილაც“, რომელმაც „ლილი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

„ლილს“ ბირმინგემში 1:2 ჰქონდა წაგებული და „პიერ მოროზე“ აქტიურად დაიწყო თამაში. მე-15 წუთზე იუსუფ იაზიჯიმ გახსნა ანგარიში და ფრანგებმა ტაიმი მოიგეს. 68-ე წუთზე ბენჟამინ ანდრემ გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

„ლილი“ ძალიან ახლოს იყო ნახევარფინალთან, მაგრამ 87-ე წუთზე მეტიუ კეშმა გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, რადგან ორივე მატჩი მასპინძლებმა იდენტურად 2:1 მოიგეს. დამატებით ნახევარ საათში არაფერი შეცვლილა, პენალტების სერიაში კი ინგლისურმა კლუბმა 4:3 მოიგო. „ლილმა“ 5-დან 3 პენალტი გაიტანა, „ასტონ ვილამ“ 5-დან 4 და ნახევარფინალშია. ბირმინგემელთა მხრიდან დიბუ მარტინესი იყო გმირი, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111358