Voetbal International-ის ჟურნალისტმა სულეიმან ოზთურქმა „აიაქსში“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ძალიან ნიჭიერია და ამას თუ ვინმე ვერ ხედავს, ბრმაა, მაგრამ „აიაქსში“ მისი ტრანსფერი მაინც ალოგიკური იყო, რადგან ნიდერლანდურ გუნდს ფორვარდის პოზიციაზე უბრალოდ არავინ სჭირდებოდა.
“არ მგონია, რომ მას „აიაქსში“ თამაში არ შეუძლია, ალბათ, შეუძლია ამის გაკეთება, თუ მას თავდამსხმელის პოზიციაზე ათამაშებ და ნდობას გამოუცხადებ, ერედივიზიონშიც 20 გოლს გაიტანს. ბრაიან ბრობი ნომერ პირველია, ეს პირველივე ტურიდან ცხადი იყო, რის გამოც მიქაუტაძეს ხან მარჯვენა და ხან მარცხენა ფლანგზე თამაში უწევდა. რა თქმა უნდა, რაღაც კლუბშიც მოხდა უცხოელ ფეხბურთელებთან მიმართებაში, რომლებსაც გაუჩნდათ განცდა: აქ რას ვაკეთებთ?
მიქაუტაძე სუპერვარსკვლავი იყო „მეცში“ მეორე დივიზიონში და კლუბს აღზევებაში დაეხმარა, ახლა პრაქტიკულად მარტო ცდილობს ლიგა 1-ში „მეცის“ დატოვებას. მას შეუძლია ბევრად მაღალ დონეზე თამაში, ისეთ კლუბებში, როგორებიც „რენი“ და „ლიონია“.
ვფიქრობ, კარგია, რომ ის შუა სეზონში „მეცში“ გადავიდა და უკვე 7 გოლი გაიტანა, ის ალბათ, მოახერხებს გუნდის ლიგა 1-ში დატოვებას. „აიაქსში“ მისი ტრანსფერი კონკურენციის გათვალისწინებით სრულიად ალოგიკური იყო, მაგრამ თუ ამას შეხედავ, როგორც სკაუტი, გაიფიქრებ: „ღმერთო, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია“.
ის კარგად თამაშობს შეზღუდულ სივრცეებში, ადვილად გააქვს გოლები, აქვს თავდაჯერება, ნახევარდაცვაშიც იწევს და ითხოვს ბურთს, მზადაა გუნდისთვის იმუშაოს. ბრმა ხარ, თუ ვერ ხედავ მის ნიჭს. დიახ, შეიძლება „აიაქსში“ მას მომავალი არ ჰქონდეს, მაგრამ საფრანგეთში ბევრი კლუბი მიიწვევს. თუ „მეცი“ დაქვეითდება, ერთ კვირაში ახალი გუნდი ეყოლება“, - თქვა ოზთურქმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „აიაქსმა“ აგვისტოში 16 მილიონ ევროდ შეიძინა, იანვარში კი, ის „მეცში“ იჯარით დაბრუნდა, რომლის რიგებში ლიგა 1-ის 15 შეხვედრაში 9 გოლის გატანა და 3 საგოლე პასი გაკეთება მოასწრო.