ანტიკურ ოლიმპიაში, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წელს ოლიმპიურ თამაშებს ჩაეყარა საფუძველი, პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშების ცეცხლი დაინთო.
ტრადიციისამებრ, ცეცხლს ანთებენ ჰერას ტაძრის ნანგრევებთან პარაბოლური სარკეში არეკლილი მზის სხივებით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ოლიმპიაში მოღრუბლულობა იყო, ცეცხლი დაინთო ცერემონიის გენერალური რეპეტიციისას მზის სხივებით მიღებული ალიდან (უამინდობის შემთხვევაში რეპეტიციისას დანთებული ოლიმპიური ცეცხლი ინახება).
„უმაღლესი ქურუმი", რომლის როლის განსახიერების პატივიც მსახიობ მერინ მინას ერგო, აპოლონს შეევედრა, რათა მას სხივები გამოეგზავნა და ოლიმპიური ცეცხლი დაენთო, ასევე შეევედრა ზევსს, რათა ოლიმპოს მბრძანებელმა თამაშების გამარჯვებულები გვირგვინით შეამკოს.
ოლიმპიური ცეცხლის დანთებას საპატიო სტუმრები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მათ შორის იყვნენ საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი, საბერძნეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი და IOC-ის წევრი სპიროს კაპრალოსი, პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ტონი ესტანგე, საფრანგეთის სპორტის, ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მინისტრი ამელი უდეა-კასტერა, პარიზის მერი ანე იდალგო, ანტიკური ოლიმპიის მერი არისტიდის პანაიოტოპულოსი და სხვა საპატიო სტუმრები.
ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონიას წინ უძღოდა ოლიმპიური ჰიმნის შესრულება და ოლიმპიური დროშის აღმართვა, საფრანგეთის და საბერძნეთის ჰიმნების შესრულება და ორივე ქვეყნის დროშების აღმართვა.
თეატრალიზებული წარმოდგენის შემდეგ უმაღლესმა ქურუმმა ოლიმპიური ცეცხლი ესტაფეტის პირველ მეჩირაღდნეს, აკადემიურ ნიჩბოსნობაში ოლიმპიურ ჩემპიონს, ბერძენ სტეფანოს დუსკოს გადასცა.
ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა საბერძნეთის ტერიტორიაზე 11 დღეს გაგრძელდება და 26 აპრილს ათენის პანათინაიკოსის სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის პარიზი-2024-ის მასპინძლებისთვის გადაცემით დასრულდება.
11 დღის განმავლობაში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში მონაწილეობას მიიღებს 600 მეჩირაღდნე, რომლებსაც საბერძნეთის 13 რეგიონის, შვიდი კუნძულის, 43 ქალაქის, 41 მუნიციპალიტეტის, ხუთი თემის, 10 არქეოლოგიური ძეგლის და ორი ოლიმპიური მუზეუმის გავლა მოუწევს.
ბოლო მეჩირაღდნე იქნება წყალბურთში ტოკიო-2020-ის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი იოანის ფუნტულისი. ესტაფეტის მონაწილეებს მთლიანობაში 5 ათასზე მეტი კილომეტრის გავლა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ პარიზის საორგანიზაციო კომიტეტისთვის ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის შემდეგ, ოლიმპიურ სიმბოლოს ათენში საფრანგეთის საელჩოში გადაიტანენ, მეორე დღეს კი სამანძიანი ნავის, „ბელემის" დახმარებით საფრანგეთის გზას გაუყენებენ და 8 მაისს მარსელის პორტში შეაცურებენ.
ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანაში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 68 დღეს გასტანს და 26 ივლისს პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ფიალაში აალებით დასრულდება.
პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 26 ივლისი - 11 აგვისტოს ჩათვლით.
GEONOC.ORG.GE