ფეხბურთი

1:03 | 16.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" მამარდაშვილმა უკაპიტნა და პენალტიც აიღო! (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში „ვალენსიამ“ „ოსასუნას“ აჯობა, გიორგი მამარდაშვილმა კი, 23 წლის ასაკში ესპანურ გუნდს უკაპიტნა და პენალტიც მოიგერია!

სწორედ გიორგი წაუძღვა „ვალენსიას“ პამპლონაში, „ელ სადარზე“ გამართულ ძალიან მნიშვნელოვან მატჩში, რომელიც რუბენ ბარახას გუნდმა 1:0 მოიგო. გამარჯვების გოლი მე-18 წუთზე ანდრე ალმეიდამ გაიტანა.

მამარდაშვილმა მხოლოდ 2 სეივი მიითვალა, პირველი მეორე ტაიმის დასაწყისში ძალიან მარტივი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ „ოსასუნა“ დიდ უპირატესობას ფლობდა და რამდენჯერმე მცირედით არაზუსტად დაარტყეს.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე კი, „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ანტე ბუდიმირმა ვერ გაიტანა. „ოსასუნას“ ლიდერმა საშინლად დაარტყა, ძნელია ასეთი ცუდი პენალტის გახსენება, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს - მთავარია, რომ გიორგიმ პენალტი მოიგერია, „ვალენსიაში“ ბოლო ორი პენალტი მას ვერ გაუტანეს.

გიორგიმ 85-ე წუთზე დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. აღსანიშნავია, რომ 75-ე წუთზე, როცა თამაშში უგო გილამონი ჩაერთო, მამარდამ კაპიტნის სამკლავური მას გადასცა. სხვათა შორის, სწორედ გილამონმა აიკიდა პენალტი, რომელიც მამარდაშვილმა უკუაგდო.

გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 32 გოლი აქვს გაშვებული და კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი ტურია ის გოლს არ უშვებს, ამას თუ დავუმატებთ საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ ორ მატჩს, ბოლო 5 შეხვედრაა გოლი არ გაუშვია.

„ვალენსია“ 47 ქულით მეშვიდე ადგილზეა, რაც კონფერენს ლიგის საგზურს იძლევა, მაგრამ „სოსიედადს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ბარახას გუნდი მომდევნო ტურში 20 აპრილს, „ბეტისს“ უმასპინძლებს, რომელსაც მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

0.131772