ფეხბურთი

23:25 | 15.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: "ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა დიდი სტიმულია"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „დორტმუნდთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მის გუნდს განსაკუთრებული მოტივირება არ სჭირდება, რადგან სასწორზე ნახევარფინალის საგზური დევს და ისედაც ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია.

„ვეთამაშებით გუნდს, რომელიც სახლში ძალიან ძლიერია და მაღალი ტემპით თამაშს დაიწყებს. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ბოლო მატჩებში, დიდი თავდაჯერებით. გასაღები მომდევნო ეტაპზე გასასვლელად? ნერვები, ენთუზიაზმი, ადრენალინი, პასუხისმგებლობა. მინდა, ეს ყველაფერი გუნდს გადავცე.

მარიო ერმოსო კარგადაა, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და განსაკუთრებული მოთამაშეა მისი უნარების გამო. მას დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია, მაგრამ შემადგენლობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.

„დორტმუნდს“ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, მათ შორის ახალგაზრდებიც. შარშან შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ და „ბაიერნს“ ჩემპიონობა კინაღამ წაართვეს. გუნდის მოტივირება? ახლა არაფრის თქმა საჭირო არაა. როდესაც ახლოს ხარ ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვედრასთან, ამაზე დიდი სტიმული ფეხბურთელისთვის არ არსებობს. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ვთამაშობთ, სხვა არაფერი“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.126995