ფეხბურთი

21:34 | 14.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" "ბაიერნის" ჰეგემონია დაასრულა და გერმანიის ჩემპიონი პირველად გახდა (+VIDEO)

„ლევერკუზენი“ გერმანიის ჩემპიონია - ისტორიაში პირველად. ჩაბი ალონსოს გუნდმა 29-ე ტურში ბრემენის „ვერდერი“ 5:0 გაანადგურა და ტიტული გაიფორმა.

სხვაობა „ბაიერნთან“ 16 ქულაა, რომელიც 5 ტურში ცხადია, რომ ვერ აღმოიფხვრება, ამიტომაც, ქალაქი ლევერკუზენმა ზეიმმა მოიცვა.

ზეიმმა, რომელიც ჯერ კიდევ მატჩის მიმდინარეობისას დაიწყო, როდესაც ფანები მოედანზე ბოლო ორი გოლის შემდეგ შეიჭრნენ, ხოლო როდესაც ანგარიშ 5:0 გახდა, მსაჯმა თამაშიც იქვე დაასრულა, რადგან უბრალოდ, დროც აღარ იყო და აზრიც აღარ ჰქონდა - ყველანი მოედანზე იყვნენ.

ისტორიულ მატჩში ლევერკუზენელმა ვირტცმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითოჯერ ვიქტორ ბონიფასმა და გრანიტ ჯაკამ გაიტანეს. „ლევერკუზენმა“ გერმანიაში „ბაიერნის“ 11-წლიანი ჰეგემონია დაამხო.

თუ შარშან „ბაიერნს“ „დორტმუნდმა“ ბოლო ტურში საჩუქარი გაუკეთა და შინ წაგებით ჩემპიონობა დაკარგა, „ლევერკუზენმა“ შეცდომა არ დაუშვა და მეტსახელი „ნევერკუზენიც“ ალბათ საბოლოოდ მოიცილა.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩია „ლევერკუზენი“ არ დამარცხებულა. ერთ სეზონში ასეთი მაგარი წაუგებელი სერია 2011-2012 წლების სეზონში „იუვენტუსს“ ჰქონდა და „ფარმაცევტებმა“ ეს შედეგიც გაიმეორეს.

ბოლოს ვთქვათ, რომ გერმანიას „ბაიერნის“ გარდა სხვა ჩემპიონი 2012 წლის შემდეგ ჰყავს, ხოლო ჩაბი ალონსომ მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო. და, კიდევ, "ლევერკუზენს" მიმდინარე სეზონში გერმანიის თასის და ევროპა ლიგის მოგების კარგი შანსიც აქვს.

„ლევერკუზენი“ – „ვერდერი“ 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბონიფასი (25, პენ), 2:0 ჯაკა (60), 3:0 ვირტცი (68), 4:0 ვირტცი (83), 5:0 ვირტცი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114493