ფეხბურთი

0:59 | 13.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეფე გიორგი": მიქაუტაძის დუბლით "მეცმა" "ლანსი" დაამარცხა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტური გიორგი მიქაუტაძის ბენეფისით გაიხსნა. ქართველი ფორვარდის გოლებით „მეცმა“ „ლანსი“ 2:1 დაამარცხა და ჰაერივით საჭირო 3 ქულა მოიპოვა.

თავიდან „ლანსი“ იგებდა ფლორიან სოტოკას გოლით, მაგრამ პირველივე ტაიმში მიქაუტაძე შეუჩერებელი გახდა. 23 წლის ქართველმა ჯერ ძლიერი დარტყმით გაიტანა ეფექტური გოლი 34-ე წუთზე, ხოლო მსაჯის მიერ პირველი ტაიმის კომპენსირებულ მეორე წუთზე უკვე რბილი დარტყმით გადაუგდო მეკარეს ბურთი თავზე!

მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა და ლაშლო ბოლონის გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ლიგა 1-ში დარჩენისთვის ბრძოლაში უკვე თამამადაა ჩართული. მიქაუტაძე 1995 წლის შემდეგ "მეცის" პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ლიგა 1-ში ზედიზედ ორჯერ დუბლი შეასრულა.

გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში 15 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასიც მიითვალა. მან ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი! ცხადია, ის „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია და მთელ ჩემპიონატში უკვე მერვე ადგილზეა, იმის მიუხედავად, რომ 6 თვე „აიაქსის“ რიგებში ირიცხებოდა...

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდის პოსტი სოციალურ ქსელში: „მეფე ჟორჟი“ - დაწერეს საფრანგეთის ჩემპიონატის გვერდზე.

„მეცი“ 26 ქულით ჯერაც გასავარდნ ზონაშია, მაგრამ 2 ქულით ჩამორჩება სამშვიდობოს, ხოლო 21 აპრილს, სტუმრად ერთ-ერთ კონკურენტ „ლე ჰავრს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10933