ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ „ლივერპულთან“ გამარჯვების (3:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს „ატალანტასთვის“ ისტორიული მოგებაა, მაგრამ ნახევარფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა.
„ატალანტასთვის“ ისტორიული შედეგია, ფანებისთვის, კლუბის ხელმძღვანელობისთვის. მეოთხედფინალში, ლივერპულში თამაში და გამარჯვება, დიდი შედეგია, ვამაყობთ. ისტორიულ სტადიონზე ვითამაშეთ, სადაც რამდენიმე წლის წინაც მოვიგეთ, მაგრამ კოვიდის გამო მაშინ სტადიონზე ხალხი არ იყო, დღევანდელ თამაშს სულ სხვა გემო აქვს. მშვენიერი იყო ჩვენი გახარებული ფანების ნახვაც.
დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, 3:0 მოვიგეთ. ვიცით, რომ „ლივერპული“ დიდებული გუნდია და მოკლე დროში შეუძლიათ გოლების გატანა, ამიტომ, საპასუხო მატჩში თავი კარგად უნდა დავიცვათ. 3 გოლი გავიტანეთ, სხვა საგოლე მომენტებიც გვქონდა. ჯერ არაფერია გარკვეული, მახსოვს მათი ჩემპიონთა ლიგის ფინალი „მილანთან“, როცა „მილანთან“ 0:3-დან დაბრუნდნენ, არადა, თითქოს ამ გუნდებს შორის უფსკრული იყო. ეს მათი სულია. ბედნიერები ვართ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ წინ საპასუხო მატჩია.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტამ“ ისტორიაში მეორედ დაამარცხა სტუმრად „ლივერპული“, რაც ევროთასებზე აქამდე მხოლოდ „ბარსელონას“ და „რეალს“ გაუკეთებიათ, მაგრამ ბერგამოელთა მიღწევა უფრო დასაფასებელი იმითაა, რომ მათ ეს ორი ცდიდან მოახერხეს (2:0 და 3:0). საპასუხო მატჩი ბერგამოში 18 აპრილს გაიმართება.