ფეხბურთი

1:04 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: "ატალანტას" ისტორიული საღამო "ენფილდზე", "რომამ" "სან სიროზე" მოიგო

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება და ძალიან საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ბერგამოს „ატალანტას“ ტრიუმფი „ენფილდ როუდზე“! დიახ, ეს სწორედაც რომ ტრიუმფი იყო. მატჩამდე იურგენ კლოპმა თქვა, რომ ძალიან უნდათ ევროპა ლიგის მოგება, მაგრამ „ატალანტას“ წინააღმდეგ „წითლებმა“ სეზონში ალბათ ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარეს.

„ენფილდზე“ ჯანლუკა სკამაკას შოუ დაიდგა. იტალიელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა, ხოლო მატჩის მიწურულს მესამე გოლშიც, რომელიც მარიო პაშალიჩმა გაიტანა, ასევე მთავარი როლი ითამაშა და „ატალანტამ“ 3:0 მოიგო! ერთი დეტალი: ეს გუნდები 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ და მაშინაც ინგლისში „ატალანტამ“ „ლივერპული“ დაამარცხა (2:0). ასე რომ, პატარა იტალიური კლუბი ისტორიაში ორჯერ ესტუმრა არასტუმართმოყვარე „ენფილდ როუდს“ და ორჯერვე მოიგო, თან ისე, რომ გოლიც არ გაუშვია. მოკლედ, „ატალანტა“ საპასუხო მატჩ 3:0-ით ხვდება და ძალიან ახლოსაა ნახევარფინალსა და ტურნირის მთავარი ფავორიტის გაგდებასთან.

კიდევ ერთი საინტერესო შედეგი „სან სიროზე“ დაფიქსირდა, სადაც „რომამ“ იტალიურ დუელში „მილანი“ დაამარცხა, რაც ასევე მოულოდნელობაა, რადგან მიმდინარე სეზონში "მილანმა" სერია A-ში რომაულ გუნდს ორივე თამაში ადვილად მოუგო. დანიელე დე როსიმ „ჯალოროსი“ გარდაქმნა და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. „რომამ“ აჯობა „მილანს“ და დამსახურებულად მოიგო. ერთადერთი გოლი დასაწყისშივე ჯანლუკა მანჩინიმ გაიტანა. საინტერესოა, რომ „რომამ“ ბოლო ოთხ დღეში „ლაციო“ და „მილანი“ სწორედ ცენტრალური მცველის, მანჩინის გოლებით დაამარცხა (1:0, 1:0).

ისევ მოიგო „ლევერკუზენმა“, რომელსაც სეზონში თამაში არ წაუგია და ეს სერია უკვე 42 მატჩია გრძელდება. „ფარმაცევტებმა“ ბოლოსკენ გატეხეს ლონდონის „ვესტ ჰემის“ დაცვა და ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. ასე რომ, ჩაბი ალონსოს გუნდიც თითქმის ნახევარფინალშია.

კიდევ ერთი მაგარი დუელი ლისაბონის „ბენფიკასა“ და „მარსელს“ შორის შედგა, სადაც პორტუგალიელებმა 2:1 მოიგეს. „ბენფიკა“ ორბურთიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლით „მარსელი“ ბრძოლაში დარჩა და „ველოდრომზე“ შანსი ექნება.

ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩები 18 აპრილს გაიმართება.

„ლივერპული“ – „ატალანტა“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 სკამაკა (38), 0:2 სკამაკა (60), 0:3 პაშალიჩი (83)

„ბენფიკა“ – „მარსელი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 რაფა სილვა (16), 2:0 დი მარია (52), 2:1 ობამეიანგი (67)

„ლევერკუზენი“ – „ვესტ ჰემი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ჰოფმანი (83), 2:0 ბონიფასი (90)

„მილანი“ – „რომა“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 მანჩინი (17)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120138