ბირმინგემში ზაფხულის ოლიმპიურ სახეობათა საერთაშორისო ასოციაციის (ASOIF) 48-ე გენერალურ ასამბლეაზე ASOIF-ის პრეზიდენტი აირჩიეს. გენერალური ასამბლეის დელეგატებს ასოციაციის პრეზიდენტობის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი ჰყავდათ - საცხენოსნო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FEI) ბელგიელი პრეზიდენტი ინგემარ დე ვოსი, რომელიც ახალ პოსტზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
ბელგიელი ამ თანამდებობაზე შეცვლის იტალიელ ფრანჩესკო რიჩი ბიტის, რომლის პრეზიდენტობის მესამე ვადაც 31 დეკემბერს ამოიწურება. დე ვოსი ასოციაციის ხელმძღვანელ თანამდებობას 2025 წლის 1 იანვრიდან ოთხი წლის ვადით ჩაიბარებს და 2028 წლის ბოლომდე იმუშავებს.
ინგემარ დე ვოსი 2019 წლიდან ASOIF-ის საბჭოს და 2017 წლიდან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) წევრია, საცხენოსნო სპორტის საერთაშორისო ფედერაციას კი 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.
GEONOC.ORG.GE