სერია A-ს 31-ე ტურში „ინტერმა“ სტუმრად „უდინეზე“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.
უდინელებმა ტაიმი ლაზარ სამარჯიჩის გოლით მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. 55-ე წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუმ პენალტით გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე დავიდე ფრატეზიმ „ნერაძურის“ თამაში მოაგებინა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო „ინტერისთვის“. საქმე ისაა, რომ შეინარჩუნა „იუვენტუსის“ რეკორდის დამხობის შანსი. 2013-2014 წლების სეზონში „იუვემ“ სერია A 102 ქულით მოიგო, რაც სარეკორდო ქულების რაოდენობაა. „ინტერს“ შეუძლია ამ რეკორდის გაუმჯობესება, მაგრამ სეზონის ბოლომდე ყველა მატჩი უნდა მოიგოს (7). სიმონე ინძაგის გუნდი თუ დარჩენილ შვიდ ტურში გაიმარჯვებს, სეზონს 103 ქულით დაასრულებს და რეკორდის ავტორი გახდება.
სამაგიეროდ, ერთი რეკორდი „ინტერმა“ უკვე დაამყარა და გახდა სერია A-ს ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც 31 ტურის განმავლობაში მოახერხა მინიმუმ ერთი გოლის გატანა. აქამდე რეკორდი „იუვენტუსს“ ეკუთვნოდა, რომელმაც 2013-2014 წლების სეზონში ზედიზედ 30 ტურის განმავლობაში მოედანი უგოლოდ არ დატოვა.
„ინტერს“ 31 ტურში 82 ქულა აქვს. სხვათა შორის, 31 ტურში ყველაზე მეტი ქულა „იუვენტუსს“ აქვს მოპოვებული 2018-2019 წლების სეზონში - 84.
მილანურ გრანდს არცთუ ისე რთული კალენდარი აქვს, ორ კვირაში „დერბი დელა მადონინას“ თუ არ ჩავთვლით და 103 ქულით სეზონის დასრულების ძალიან დიდი შანსი აქვს.