ფეხბურთი

0:20 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებების მწვრთნელებმა განაცხადის რაოდენობაზე იმსჯელეს

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებების მთავარი მწვრთნელების სემინარი გაიმართა, სადაც იმსჯელეს განაცხადის 23-დან 26-მდე გაზრდაზე.

ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიუღია უეფას, რომელმაც ყველა მწვრთნელის მოსაზრება მოისმინა. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც, რომელიც სემინარს დაესწრო.

მწვრთნელების უმეტესობა 26-კაციან განაცხადს უჭერს მხარს, მაგალითად, იტალიის ნაკრების თავკაცი ლუჩანო სპალეტი, რომელმაც პოზიცია იტალიურ მედიასთან ინტერვიუშიც საჯაროდ დააფიქსირა. სამაგიეროდ, 26-კაციანი განაცხადის წინააღმდეგი არიან და 23-კაციანი განაცხადის დატოვების მომხრე არიან დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრები) და სილვინიო (ალბანეთის ნაკრები).

საკითხი განსახილველად უეფას აღმასრულებელ კომიტეტს გადაეცემა, რომელიც ამაზე 22 აპრილს იმსჯელებს.

ამჟამინდელი რეგლამენტით ევრო 2024-ზე 23-კაციანი განაცხადი უნდა გააკეთოს თითოეულმა გუნდმა. ევრო 2020-ზე კოვიდ პანდემიის გამო უეფამ გამონაკლისი დაუშვა და მაშინ განაცხადი 26-მდე გაზარდა. 2022 წლის მუნდიალზეც ფიფამ ასევე 26-კაციანი განაცხადების უფლება მისცა მონაწილეებს. ევრო 2024-სთვის განაცხადების დასახელების საბოლოო ვადა 7 ივნისია.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება, სადაც დებიუტანტის რანგში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს, კერძოდ, F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებების წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113483