ფეხბურთი

22:25 | 7.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ზედიზედ მეორე და "სამგურალის" პირველი მოგება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად „გაგრა“ დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

სტივ კინის გუნდმა მეტოქეს მძიმე ბრძოლაში 1:0 აჯობა. ყველაფერი ბიორნ იონსენის გოლმა გადაწყვიტა. ნორვეგიელმა ფორვარდმა თავი პირველი ტაიმის მიწურულს გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ტორპედოს“ 12 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი „სამგურალთან“ ჩაატარებს, ხოლო „გაგრა“ 4 ქულით ბოლო პოზიციაზეა და „იბერიას“ დაუპირისპირდება.

„სამგურალმა“ მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო და უშუალო კონკურენტი „თელავი“ 2:1 დაამარცხა. მეოთხე წუთზე ანგარიში ლუკა შეროზიამ გახსნა, რასაც გიორგი ხაბულიანმა მეორე ტაიმის დასაწყისში უპასუხა. თუმცა, 77-ე წუთზე ლუკა ხორხელმა გამარჯვების გოლი გაიტანა და იმერლებს მნიშვნელოვანი მატჩი მოაგებინა.

„სამგურალი“ 5 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო ტურში 11 აპრილს, ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „თელავი“ 6 ქულით მეშვიდეა და წინ „სამტრედიასთან“ მატჩი აქვს.

„გაგრა“ – „ტორპედო“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 იონსენი (35)

„სამგურალი“ – „თელავი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 შეროზია (4), 1:1 ხაბულიანი (55), 2:1 ხორხელი (77)

0.115101