სერია A-მ დაასახელა ექვსი ფეხბურთელი, რომლებიც მარტის MVP-ს ჯილდოზე არიან ნომინირებული და მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაცაა.
სერია A გამოკითხვას რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ ვებგვერდზე ჩატარებს და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ხვიჩას კონკურენტები არიან ნიკოლო ბარელა (ინტერი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), რიკარდო კალაფიორი (ბოლონია), ტეუნ კუპმაინერსი (ატალანტა) და რაფაელ ლეაუ (მილანი).
გამოკითხვაში მონაწილეობა მოცემულ ბმულზე გადასვლით ძალიან მარტივადაა შესაძლებელი.
კვარაცხელიამ თვის MVP-ის ჯილდო გასულ სეზონში სამჯერ, აგვისტოში, თებერვალსა და მარტში მოიგო, თუმცა, მიმდინარე სეზონში ის არ მოუგია. ნოემბერში იყო ნომინანტებში, მაგრამ გამარჯვება მაშინ ვერ მოახერხა.
მიმდინარე სეზონში ეს ჯილდო ორჯერ პაულო დიბალამ მოიპოვა, თითოჯერ კი რაფაელ ლეაუმ, ლაუტარო მარტინესმა, კრისტიან პულიშიჩმა და დუშან ვლაჰოვიჩმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 38 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, ხუთჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი მოიპოვა.