საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
სეოკ-ის სპორტულმა დირექტორმა გიორგი ესაკიამ ისაუბრა ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში (განგვუნი, სამხრეთ კორეა, იანვარი, 2024 წელი) ქართველ სპორტსმენთა მონაწილეობის შედეგების შესახებ.
სხდომაზე აღინიშნა, რომ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებების ისტორიაში კორეის სტარტები იყო პირველი, როდესაც სამთო-სათხილამურო სპორტში საქართველოს არ ჰყავდა წარმომადგენელი.
სეოკ-ის აღმასკომი სპორტის ზამთრის სახეობათა შესაბამისი (ტრამპლინიდან ხტომა) ეროვნული ფედერაციის ყურადღებას ამახვილებს იმის აუცილებლობაზე, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების სტატუსის გათვალისწინებით, სასურველია უფრო საფუძვლიანად და ყურადღებით მოეკიდოს სპორტსმენების მზადების საკითხებს როგორც კვალიფიკაციის მიღებამდე, ისე მისი მიღების შემდეგ, აგრეთვე მწვრთნელთა კორპუსის დაკომპლექტებისას გამოიჩინოს მეტი მომთხოვნელობა მათი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით.
2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე 120 დღით ადრე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მზადების მიმდინარეობის შესახებ აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს ინფორმაცია წარუდგინა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა. მან ისაუბრა ოლიმპიურ ლიცენზიანტებზე, მომავალ სალიცენზიო ტურნირებზე, ამ შეჯიბრებებისთვის მზადებაზე, ოლიმპიური დელეგაციის ფორმირების პროცესზე, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით გამოსვლისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე.
,,ბაკურიანი-2025"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაცია მზადების მიმდინარეობის შესახებ აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს გააცნო სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა , ,,ბაკურიანი-2025''-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ მამუკა ხაბარელმა.
საქართველოს ოლიმპიური აკადემიის ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ წარადგინა აკადემიის რექტორმა ლელა აფციაურმა. მან ისაუბრა სეოკ-ის მხარდაჭერით 2020-2024 წელს განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებზე.
ოლიმპიზმის პოპულარიზაციის საქმეში სეოკ-ის აჭარის ორგანიზაციის მართვის ადგილობრივ სტრუქტურებთან ერთობლივი მუშაობის პრაქტიკის შესახებ მოხსენებით წარდგა სეოკ-ის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯონი ცივაძე.
ასევე განიხილეს სეოკ-ის მიერ საქართველოს კერლინგის ფედერაციის აღიარების საკითხი. ფედერაციის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს კერლინგის ფედერაციის ხელმძღვანელებმა. სეოკ-ის აღმასკომი აღნიშნავს, რომ კერლინგის ეროვნული ფედერაციის წესდება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ფედერაციამ გადადგა პირველი ნაბიჯები ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის დანერგვისა და პოპულარიზაციის მიზნით.
აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, სეოკ-ის წევრად მიღებულ იქნა საქართველოს კერლინგის ეროვნული ფედერაცია (პრეზიდენტი-ავთანდილ ენუქიძე), რომელიც აღიარებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ და რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 11 ნოემბერს.
დღვანდელ სხდომაზე დამტკიცდა სეოკ-ის 2024 წლის ბიუჯეტი.
GEONOC.ORG.GE